გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იოსებ ხახალეიშვილი: მჯერა, ერთად ვაქცევთ ქუთაისს ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად!

16-09-2021

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთა ერთად ქუთაისში, სასტუმრო „ნიუპორტში" საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრა რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.


იოსებ ხახალეიშვილმა ისაუბრა მერად არჩევიდან დღემდე - 9 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შესასრულებს.


მისი თქმით, „ქართული ოცნების" გუნდი მოკლევადიან გათვლებს არ აკეთებს და მაქსიმალურად იღვწის, რომ ქუთაისი განათლოებისა და კულტურის მნიშვნელოვან, საერთაშორისო ცენტრად იქცეს.


როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის მერად მის არჩევას, პანდემიის გამო, რთული პერიოდი დაემთხვა. მიუხედავად ამისა, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.


„ყველაზე ხაზგასასმელი, ალბათ, ის არის, რომ შევძელით და ბიუჯეტი გავზარდეთ. წელს ქუთაისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია - 91 მილიონ ლარს გადააჭარბა. ასევე საყურადღებოა, რომ თითქმის 25 მილიონ ლარამდე გვაქვს გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის", - მიმართა დამსწრე საზოგადოებას იოსებ ხახალეიშვილმა. მისი თქმით, ქუთაისში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, რეაბილიტაციას გარკვეული დისკომფორტიც მოჰყვება, მაგრამ მთავარია, რომ ქუთაისში ამ პროექტების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება.


„მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ვმასპინძლობთ „ევროპული საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს". ეს ქუთაისის ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს. ამ მოკლე დროში შევძელით ისიც, რომ ძალიან ბევრი სკვერისა და პარკის გაკეთება, მწვანე სივრცეების შექმნა დავიწყეთ. უკვე დასრულდა მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის მოწესრიგება. ქუთაისში, შინდისის გმირების ქუჩა დავარქვით მოსკოვის ქუჩას. ეს იყო ჩემი იდეა, რომელიც საკრებულოსთან შეთანხმებით, სისრულეში მოვიყვანეთ. დავაარსეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და ქუთაისი - ვასილ ამაშუკელის ქალაქი - იქნება მისი მასპინძელი. ფუნქციონირება დაიწყო ახალმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. ასევე, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული, რეგიონების რეაბილიტაციის 500-მილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე გვექნება განახლებული ცენტრალური ბულვარი, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილია"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


მისი თქმით, კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა, რომლის მუშაობა, თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ 2020 წლის საუკეთესო წარმატებული პრაქტიკის პროექტად აღიარა.


„ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენს თანაქალაქელებს გრძელვადიანი პერსპექტივები შევთავაზოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დასრულდა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის ხედვის ეტაპი. ჩამოყალიბდა 4 მნიშვნელოვანი მიმართულება. გეგმის მიხედვით დავიწყებთ ქალაქის თანაბარ განვითარებას. ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, მწვანე ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში. ამის საფუძველს ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აძლევს. ეს უნივერსიტეტი ხელშემწყობი ფაქტორია არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე, ქუთაისი უკვე გახდა ტურისტულად მნიშვნელოვანი ლოკაცია, რაც აეროპორტისა და ახალი ტერმინალის დამსახურებაცაა. ჩვენი ქალაქი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის და სერიოზულად პოზიციონირებს ტურისტულ რუკაზე. ტურიზმის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ", -აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.


მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ქუთაისის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია თანაქალაქელების მაქსიმალური ჩართულობა ქალაქის განვითარების პროცესში.
„მჯერა, ერთად ვაქცევთ ქუთაისს ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად, წარმატებულ და განვითარებულ ქალაქად!"- მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა საზოგადოებას.


შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა სხვადასხვა მიმართულებით დასმულ კითხვებზე საკუთარი მოსაზრებები და გეგმები გააცნეს საზოგადოებას