გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამუშაო ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფება

24-09-2021

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები და შესაბამისი დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სამუშაო ვიზიტით, სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფებიან.


ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სლოვენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო და სურსათის სამინისტროს და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ და სლოვენიის რესპუბლიკამ ტყის მდგრადი მართვის სფეროში გამოცდილება გააზიარონ და არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავონ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა 2018 წელს, საქართველოში ტყის ბუნებრივ ეკოსისტემასთან მიახლოებული მართვის მიდგომის დანერგვის მხარდაჭერით დაიწყო.


„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, მადლობას ვუხდი სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას, ასევე სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრს მხარდაჭერისთვის. ჩვენ, 2020 წელს, გავაფორმეთ ტყის მდგრადი მართვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავეცნოთ ტყის მართვის სლოვენიურ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებულია ევროპის მასშტაბით და აერთიანებს ბუნების კონსერვაციისა და რესურსების მდგრადი გამოყენების კომპონენტებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.


ეროვნული სატყეო სააგენტო სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის ფინანსური, ასევე WWF-ისა და კომპანიის „ზავიტა“ ტექნიკური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ტყის მდგრადი მართვა ადიგენში". პროექტის ფარგლებში, მომზადდება ტყის მართვის გეგმა ადიგენის სატყეო უბნისთვის, შემუშავდება სატყეო მოდელი და მერქნული რესურსების ღირებულებათა ჯაჭვი, უზრუნველყოფილი იქნება სატყეო ოპერაციებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ეროვნული სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით, გადამზადდებიან ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.


პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენში" 2021 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.