20-04-2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საშანიოს მოსახლეობა შიდასასოფლო გზის მოწესრიგებასა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მოსახლეობა აცხადებს, რომ უკვე წლებია ამ პრობლემის მოგვარებას პირდებიან, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად, დღეს ქალაქთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„ვითხოვთ ხელისუფლებამ კონკრეტული თარიღი დაასახელოს თუ როდის მოაგვარებენ ინფრასტრუქტურულ საკითხებს. არ გვაქვს სასმელი წყალი. ეს აქცია არის გამაფრთხილებელი, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მოგვაქცია, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ", - აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, ამ პრობლემების შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი პროექტების მომზადება მიმდინარეობს.
„ვიცით, აღნიშნული პრობლემის შესახებ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების მომზადება. რეგიონი პროექტების ნუსხაში შეტანილია, როგორც კი საბოლოო სახე ექნება, შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება დაიწყება “, - აღნიშნა ფარცვანიამ.
"ინტერპრესნიუსი"