გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ მარანში უნიკალური კულტურის სახლის რეაბილიტაცია მოხდება

28-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანს ბოლო ექვსი თვის მანძილზე მეორედ ეწვია და მოსახლეობას აცნობა, რომ მათი და საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის ინიციატივა გაზიარებულ იქნა და კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის აღდგენის შესახებ. ადგილზევე გაიმართა მოსახლეობასთან შეხვედრა, რომელსაც მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა, აბაშის ყოფილი მერი, ამჟამად საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლევან მაკალათია და აბაშის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" გიგა გაბელაია.


მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნის კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც იგი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ლევან მგალობლიშვილს სოფელ მარნის კულტურის ცენტრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა შენობის რეაბილიტაციაზე მუშაობა.


„ეს არის უნიკალური შენობა, რომელიც რაიონის ახალგაზრდებს აზიარებდა ხელოვნების სხვადასხვა დარგს და აძლევდა პროფესიული კურსების გავლის საშუალებას, მაგრამ დღეს ის გაპარტახებულია და არის უმძიმეს მდგომარეობაში. თუ დროულად არ მოხდა მისი რეაბილიტაცია, რეალური საფრთხე არსებობს იმისა, რომ ის სრულად განადგურდეს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავიღოთ სახსრები კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციისთვის, რომელიც ძეგლია და მომავალ თაობებს გადავცეთ ეს ულამაზესი შენობა" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი მიმდინარე წლის 6 სექტემბერს უკვე გამოაცხადა, სატენდერო თანხა შეადგენდა 191 160 ლარს. ტენდერი 17 სექტემბერს დასრულდა. ამ ეტაპზე გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები მიმდინარეობს.


პროექტით გათვალისწინებულია საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური, შენობის ფუძე-გრუნტების, შენობის არქიტექტურულ-კონსტრუქციული კვლევები; ასევე სასცენო მექანიზმების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა; თაბაშირის ორნამენტების, მცენარეული და ტოტემური გამოსახულებიანი ფილების და თანადროული მოზაიკური იატაკის ტექნიკა-ტექნოლოგიისა და მდგომარეობის შესწავლა; შენობის საინჟინრო კომუნიკაციების მდგომარეობის შეფასება; ზონდირება, არსებული სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების ლაბორატორიული, ფერის, სახელოვნებათმცოდნეო, კედლის მხატვრობის და დეკორატიული ელემენტების კვლევა; ასევე საფუძვლის ქვის და ბათქაშის ლაბორატორიული ანალიზი. შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ მოხდება შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობა.


საპროექტო სამუშაოები მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი კი 2022 წლის თებერვალში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც ამ უნიკალურ შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნდება.