გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცესკომ ბიულეტენების ხელახალი დათვლის შესახებ ინფორმაცია წარადგინა

6-10-2021

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბიულეტენების ხელახალი დათვლის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. წელს პირველად, საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ვალდებულება, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელახლა დაეთვალათ შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. საარჩევნო ადმინისტრაციამ უმოკლეს ვადებში - 4 ოქტომბერს (კანონმდებლობით გადათვლის უკიდურესი ვადა კენჭისყრიდან მეექვსე დღეა) გადათვალა შესაბამისი საარჩევნო უბნების ბიულეტენები.


საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას, ასევე ცხადყო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ეფექტიანი მუშაობისთვის დამატებითი მოტივაცია მისცა.


გადათვლის ცენტრებში უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. კრწანისის გარდა, გადათვლა ყველა საარჩევნო ოლქში განხორციელდა. ხელახალი დათვლის პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. რაც შეეხება კრწანისს, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რადგან აღნიშნულ ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდა.


რაც შეეხება სტატისტიკას, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.


გადათვლის ცენტრებში სრულად იყო გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდა.


გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე:


https://cesko.ge/geo/list/show/126608-tseskom-biuletenebis-khelakhali-datvlis-shesakheb-informatsia-tsaradgina