გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გენადი არველაძე: საქართველოსა და ავსტრიას შორის, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს

13-10-2021

ავსტრიის ქალაქ ვენაში საქართველო - ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა. სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ავსტრიის ეკონომიკურ და ციფრულ საკითხთა ფედერალური სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფლორიან ფრაუშერი. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ავსტრიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის პარალელურად ჩატარდა.


სხდომაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები.


კომისიის სხდომის ფარგლებში, ავსტრიის მხარემ წარადგინა წინადადებები სხვადასხვა ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის ცალკეული დარგებით, მათ შორის, ენერგეტიკის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის მიმართულებით დაინტერესების შესახებ.


სხდომაზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ხაზი გაესვა იმასაც, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი ბევრად მეტია. ითქვა, რომ არსებობს ავსტრიასა და ზოგადად ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული მეტი პროდუქტის განთავსების შესაძლებლობა, რასაც იძლევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA). როგორც სხდომაზე აღინიშნა, პოტენციალი იმისა, რომ DCFTA - ით მეტმა ქართველმა ექსპორტიორმა ისარგებლოს, ძალიან დიდია.


კომისიაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი ეკონომიკის სხვა დარგების მიმართულებითაც. მათ შორის, ქართულმა მხარემ დასვა საკითხი სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვების ნებართვების კვოტის გაზრდასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ 2021 წელს საქართველოდან ავსტრიაში სახმელეთო გადაზიდვების მოცულობა 10,5 პროცენტითაა გაზრდილი. სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ავსტრიიდან საქართველოს გავლით დერეფნის გამოყენებაზე სარკინიგზო ტვირთების ტრანზიტული გადაზიდვებისთვის და ამ მიზნით ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე.


კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, გენადი არველაძემ და ფლორიან ფრაუშერმა ხელი მოაწერეს კომისიის ოქმს. მასში აისახა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, დიგიტალიზაცია, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა, ევროინტეგრაცია და სხვა.

„ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილის გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაშიც საქართველო-ევროკავშირის შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გვიწყობს ხელს. მისასალმებელია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართული პროდუქციის ექსპორტი 2021 წელს ავსტრიის ბაზარზე 5%-ით გაიზარდა, მაგრამ პოტენციალი ბევრად მეტია. საქართველოსა და ავსტრიას შორის, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღნიშნული შესაძლებლობები უფრო მეტად გამოვიყენოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.