გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი ლოიდ ოსტინს: თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია

18-10-2021

თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.


აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის დადასტურებაა.


"დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. პირველად ვიმყოფები საქართველოში და ძალიან მადლობელი ვარ ასეთი თბილი მიღებისთვის. აქამდე რაც ვნახე, ნამდვილად შესანიშნავია და ჩემი აქ ყოფნით ვადასტურებ აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. ეს ურთიერთობა ჩვენს საერთო ფასეულობებს ეფუძნება. წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით, მათ შორის ავღანეთში დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად. ძალიან მადლობელი ვარ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთი საკითხი მინდა ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვის პრაქტიკული განხორციელებისთვის- ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის.


ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები",-განაცხადა ლოიდ ოსტინმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი აშშ-ის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება.


შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მთავრობის მეთაური აშშ-ის თავდაცვის მდივანს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.


პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს წინსვლის აღიარებისთვის კარგი შესაძლებლობაა და აღინიშნა მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით აშშ-ის ჩართულობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში, რაც, აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.