გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ცესკო სიცრუედ აფასებს

26-10-2021

ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა გამოავლინა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში დღეს ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირი მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და იმ შემთხვევაში თუ სიაში საკუთარ მონაცემებს აღმოაჩენენ ახლობლებს თხოვონ აღნიშნულის გამო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დაწერონ საჩივრები. აღნიშნულმა პოსტმა მიიღო საკმაოდ მასშტაბური ხასიათი, ამ დროისთვის ის უკვე გაზიარებულია 50-მდე ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ძირითადად ემიგრანტები არიან გაწევრიანებულები.


„ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმის მიუხედავად არის თუ არა ის საქართველოში. ამასთანავე მათ უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია საქართველოში და ფლობდნენ ვალიდურ დოკუმენტს. საზღვარგარეთ მყოფ პირებს სიაში მათი მონაცემების გასწვრივ მითითებული აქვთ, რომ იმყოფებიან საზღვარგარეთ. არსებობს გარკვეულ პირთა წრე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამდენად თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი ამა თუ იმ პირის მონაცემები არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ მიუთითებს რაიმე დარღვევაზე. უფრო პირიქით ამ გზით ამომრჩევლის საარჩევნო უფლება არის დაცული, ვინაიდან წინასწარ არ არის ცნობილი კონკრეტული პირი როდის დაბრუნდება საქართველოში და იმ შემთხვევაში თუ ის ქვეყანაში დაბრუნდება არჩევნების დღეს, მას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან არასწორია მითითება ახლობლების მიერ საჩივრის დაწერასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ წერს საჩივარს.


ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე იმყოფება კომისიის 17 წევრი, მათ შორის პარტიების წარმომადგენლები. ასევე პროცესის მიმდინარეობას აკვირდება სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. ამდენად თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა ყველა მათგანის ჩართულობით არის უზრუნველყოფილი.


საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიზანი შესაძლოა იყოს ემიგრანტების შეცდომაში შეყვანა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.


მივმართავთ თითოეულ ემიგრანტს ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავიანთი სტატუსთან დაკავშირებით სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ ჰაბის მეშვეობით ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51“- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.