27-10-2021
მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.
"გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ ვინმე დაუშალათ? არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს არ გიშლით, მაგრამ პოლიტიკურ შოუს და სპექტაკლებს ნუ დადგამთ.
მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით და თქვენ იმიჯს ნუ შეილახავთ. სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოს დაუდასტურდა კოვიდი.
გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.