27-10-2021
„დღეს ჩვენ ვნახეთ ბათუმელების და ბათუმის გამორჩეული ნაწილის პროტესტი იმ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პირადად აწერს ხელს ბათუმის მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან" და მათი ოპოზიციური ერთობა. მოქალაქეების ეს პროტესტი გასაგებია, რადგან ეს კონკრეტული პრივატიზაცია და მათ შორის გაყიდვა, შეეხო როგორც მემორიალს, ასევე მიმდებარე ტერიტორიას. პირდაპირი გაგებით, მათ გაყიდეს საფლავები" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
„ბათუმის საკრებულომ 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაზე პრივატიზაციის, გაყიდვის მიზნით გადაეცა ეს მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარისთვის. ეს აქტი განხორციელდა 2011 წლის 30 დეკემბერს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. ჩვენი გმირი იუნკრების მემორიალი და საფლავები შეუნარჩუნდა ქალაქს, ქალაქს შეუნარჩუნდა ისტორია და შემდეგ უკვე მონაცვლეობით მოხდა იქ ამ პროცესის დასრულება.
საზოგადოებას კიდევ უფრო კარგად რომ ავუხსნა, იუნკრები მხარდამხარ იბრძოდნენ გენერალ მაზნიაშვილთან ერთად, რომელმაც შეძლო და 1921 წელს ბათუმი შეუნარჩუნა დედა სამშობლოს, მიუხედავად მტრულად განწყობილი გარე ძალებისა. და სწორედ ამ გმირი ხალხის საფლავები გაყიდა ამ კონკრეტულმა გამყიდველმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ამბიცია ისევ მობრუნდეს ქალაქის მმართველობაში და ერთი წუთით მაინც რომ წარმოვიდგინოთ მაშინ რა კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ და გამყიდველ პოლიტიკას ატარებდნენ ამ დაბოღმილ, ძალაუფლებაზე ორიენტირებულ ხალხს ერთი წუთითაც რომ ჩავუგდოთ ძალაუფლება ხელში, ალბათ ყველაფერს გაყიდიან, რაც არის წმინდა დარჩენილი" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ჩართვაში საუბრისას.