27-10-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს.
"აფხაზური ენის დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია. აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა. ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს.
აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას; საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მისი გადარჩენისა და დაცვის, განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი და მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ამ უნიკალური ენის შესწავლით. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში.
Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа
ერთად დავიცვათ აფხაზური ენა",-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.