27-10-2021
"საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს აფხაზური ენის შენარჩუნება და პოპულარიზაცია,"- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩართულობის პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული, სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა აფხაზური ენის დღეს, რომელიც 27 ოქტომბერს აღინიშნება და დამსწრე საზოგადოებასთან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღეს აღვნიშნავთ. აფხაზური ენა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის ნაწილი და სიმდიდრეა. ეს დღე უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია არა მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ღირებულია აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის შენარჩუნება, რაც კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა.
დღესდღეობით, როდესაც აფხაზეთის ოკუპაციის და მიმდინარე რუსიფიკაციის პირობებში აფხაზურ ენას გაქრობის სერიოზული საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით აქტუალურია აფხაზური ენის დაცვის საჭიროების ხაზგასმა და მისი განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების განხორციელება. საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს აფხაზური ენის შენარჩუნება და პოპულარიზაცია, მათ შორის, აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობის, შესაბამისი სახელმძღვანელოების მომზადების, ისევე როგორც აფხაზური ენისა და კულტურის კვლევისა და შემდგომი განვითარების გზით, რაც მეტად მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაძლიერდეს აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით.
ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია და კულტურა და მე მჯერა, რომ შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზით, ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანი მომავლის შექმნას ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში" - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.