გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე: არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული თბილისელისა და საქართველოს მოქალაქის გამარჯვებით დასრულდა

31-10-2021

არჩევნები დასრულდა, დასრულდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული თბილისელისა და საქართველოს მოქალაქის გამარჯვებით. ყველას გილოცავთ და გიხდით მადლობას ამის შესახებ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს თანამებრძოლს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო პროცესში და დაუღალავად იშრომა იმისთვის, რომ არა მხოლოდ მე, ან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, არამედ სამართლიანობას, მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას გაემარჯვა.


რა თქმა უნდა, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.


მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს - ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება.


ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს.


ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ქონდეს ამაში დასაკარგი დრო.


ჩვენ, ახალი ენერგიით და ახალი, მომავალზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შევუდგებით ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას.


ამ მიზნების მისაღწევად კი, ჩვენ თითოეული თქვენგანის თანადგომა, ენერგია და გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ, ყველა თბილისელი, საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის უკეთესი მომავლის საშენებლად.


მე ამ საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს, რადგან ერთად შეუძლებელს შევძლებთ.
ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, მწვანე, ჯანსაღი, კეთილდღეობითა და სიცოცხლით სავსე, მე ამას ვპირდები თბილისელებს.


ჩვენ, ჩვენი ერთიანობით, შეგვიძლია შევქმნათ გაერთიანებული და ერთიანი საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბედნიერად და ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრებენ.


ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას ყოველგვარი მტრობის გამორიცხვით, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით შევძლებთ.


ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ არა ერთმანეთზე, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის" - განაცხადა კალაძემ.