6-11-2021
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაზე გაკეთდა აქცენტი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქობულეთის მერთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
ქობულეთში, პროგრამის ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბულვარის მშენებლობა.
სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
ასევე, მიმდინარეობს ალამბრის ცენტრის და სკვერის კეთილმოწყობა. ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცენტრების რეაბილიტაცია ლეღვას, მუხაესტატეს, აჭყვისთავის, ზენითის, კვირიკესა და ხალას ადმინისტრაციულ ერთეულებში ხორციელდება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების რეაბილიტაციის ფარგლებში ზედა კვირიკეში ახორციელებს ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, მილები, კედლები. დაიგება ასფალტობეტონის საფარი. ამ ეტაპზე დაწყებულია ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.