გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი ლობჟანიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოთი - შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედლით დაჯილდოვდა

18-11-2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ლობჟანიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოთი - შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედლით დაჯილდოვდა.
შაჰრიარის მედალს გასცემს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევართათვის, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირანისტიკის განვითარებაში. გიორგი ლობჟანიძეს ეს ჯილდო ჯალალ ედ-დინ რუმის ქართული თარგმანისა და კომენტარებისათვის გადაეცა.


დაჯილდოება COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა 17 ნოემბერს. დაჯილოდების ცერემონილიაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ამავე ჯილოზე წარდგენილი კიდევ ექვსი მეცნიერი ესწრებოდა, გიორგი ლობჟანიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის წარმომადგენლობას ჯილდოზე წარდგენისა და, ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და თავრიზის უნივერსიტეტს - ამ უმნიშვნელოვანესი მედლის მინიჭებისათვის. ხაზი გაუსვა ასეთი ჯილდოებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნებს შორის სამეცნიერო კავშირების გაღრმავებისათვის.


"ჩემამდე შაჰრიარის მედალი საქართველოდან რამდენიმე ძალიან ღირსეულმა ადამიანმა მიიღო უკვე და მიხარია, რომ დღეს მათ რიგებს მეც შევუერთდი. საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს მედალი მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ქართული ირანისტიკისაა, განსაკუთრებით, ჩემი დიდი მასწავლებლებისა, რომელთაგან ზოგი დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მთელი თავიანთი ცხოვრება შესწირეს ირანისტიკას. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში უძველესი უნივერსიტეტია და 1918 წელს არის დაარსებული, მისი დაარსების დღიდანვე ისწავლება სპარსული ენა და ლიტერატურა. ეს ტრადიცია დღეს უკვე ირანისტიკის განყოფილებაზე გრძელდება. მადლობას ვუხდი თავრიზის უნივერსიტეტს და მნიშვნელოვანია, რომ ეს მედალი ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევისათვის“ მენიჭება. სხვათა შორის, რომ არა თავრიზიდან მონაბერი მადლი (შამსე თავრიზი) ჯალალ ედ-დინ რუმიც ვერასოდეს იქნებოდა ის რუმი, ვისაც მთელი მსოფლიო იცნობს და აფასებს,"-განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.


თსუ ასოცირებული პროფესორისთვის გადაცემული მედალი სპარსული ლიტერატურის უკანასკნელი დიდი პოეტის შაჰრიარის სახელს ატარებს, რომელიც ასევე თავრიზიდან იყო. დაჯილდოება წელს მეექვსედ გაიმართა. გიორგი ლობჟანიძემდე კი, სხვადასხვა წელს, ეს მედალი მიღებული აქვთ სხვა ქართველ ირანისტებს: თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, თეა შურღაიას, პროფესორ ნომადი ბართაიასა და დოქტორ მაია სახოკიას.