6-11-2017
ლალი (სახელი შეცვლილია) ათი წელია ცხოვრობდა კაცთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძალადობს, როგორც მასზე, ასევე ბავშვებზე. კაცი სამი დღის წინ, მორიგი ძალადობის შემდეგ, სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მსხვერპლ ქალს სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა იმის გამო დასცინეს, რომ ქმრისგან დასაცავად მათ გამოუძახა.
„სამი დღის წინ ისევ მცემა. შუბლი გამიხეთქა. ათი საათი გავატარე პოლიციის განყოფილებაში, რომ დავიჩივლე ბავშვები მშივრები მყავს-მეთქი, პოლიციელმა მითხრა, „ჩემი ცოლ-შვილიც მშიერიაო“. თქვენ ცემთ ცოლს-მეთქი? – ვკითხე და „მაგის თავი სად მაქვს, დაღლილი მივდივარ სახლშიო“, მითხრა. აი, ასე დამცინიან“. მოძალადე კი გირაოთი გამოუშვეს. ჩემთვის არავის უკითხავს არაფერი. იმდენი მოწმის ჩვენება იყო საქმეში და მაინც გამოუშვეს. მეორე დღეს ისევ დაგვადგა თავზე“, – გვიყვება ლალი.
ქალის თქმით, კაცი ძალადობს ბავშვებზეც. „ერთხელ ისე სცემა უფროს გოგოს, რომ გონება დაკარგა. მაშინ პოლიციას არ გამოვუძახე. ის ცოტა ხნის წინ გათხოვდა. ნათესავებმა მითხრეს, ქორწილში ქმრის გარეშე რომ მიხვიდე, დაგცინებენ, მეორე ქმარსაც გაშორდაო იტყვიან, ამიტომ ხალხის დასანახად წავიყვანე. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ შეიცვლებოდა, მაგრამ ყველაფერი მეორდებოდა“, – ამბობს ლალი.
35 წლის ქალი პირველად 16 წლის ასაკში გათხოვდა და როგორც გვეუბნება, მასზე პირველი ქმარიც ძალადობდა. „მასთან ორი შვილი გამიჩნდა. მცემდა, ოჯახს არ არჩენდა და გავშორდი. სასამართლომ ალიმენტი დააკისრა, მაგრამ ერთხელაც არ გადაუხდია. უკვე 30 ათას ლარზე ავიდა ჯარიმები, აღმასრულებელი არაფერს არ აკეთებს“, – გვეუბნება ის.
ლალი ამბობს, რომ მოკრივე მეუღლე მეორე ქორწინებიდან კიდევ უფრო დაუნდობელია: „დაქორწინებიდან მეორე დღესვე სახლში ჩამკეტა. ორსულსაც კი მცემდა. ისე ცუდად ვიყავი, გადავწყვიტე მისგან შვილი არ გამეჩინა, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მექნებოდა. ბავშვი გავაჩინე. ვიფიქრე, ამის შემდეგ შეიცვლებოდა, მაგრამ ისევ აგრესიული იყო“.
ლალის აზრით, მას და მის შვილებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ, რადგან მუდმივმა ძალადობრივმა გარემომ, განსაკუთრებით ბავშვების ფსიქიკაზე, დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა. „რამდენჯერ დამიძახია, „დედიკო მიშველე“. ერთხელ შეეცადა ჩემი 12 წლის ბიჭი გამოსარჩლებას და ყელზე დანა მიაბჯინა. თანდათან იმდენად აგრესიული გახდნენ ბავშვებიც, რომ ერთმანეთსაც კი უმოწყალოდ სცემენ“, – გვეუბნება ლალი.
ახლა ლალი ბარცხანაში, მამის მიერ ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს ბავშვებთან ერთად. ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა არ უნდა, თუმცა მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. „კარს თუ არ გაუღებ, ყვირის, ილანძღება, ფანჯრებს გვიმტვრევს, იძულებული ვარ შემოვუშვა. როცა ცემას გვიწყებს, ჯერ ტელეფონს მართმევს, რომ არავისთან დავრეკო. შემდეგ კარებს კეტავს და მთელი ძალით მირტყამს. შეუძლია საათობით გცემოს, გაჩერდეს, გლანძღოს და ისევ გცემოს. სექსუალურადაც ძალადობს ჩემზე“.
ლალიმ სცადა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თავისი შემოსავლის წყარო გაეჩინა და სცადა მუშაობის დაწყება, მაგრამ კაცმა არც ამის საშუალებას მისცა. „სადაც კი დავიწყე მუშაობა, ყველგან მომივარდა და ჩხუბი ატეხა, ასეთი მუშახელი კი არავის არ უნდა“.
მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ მის დასაცავად სახელმწიფო არაფერს აკეთებს: „ოჯახში ძალადობის საფუძველზე 7-8-ჯერ ვუჩივლე, მაგრამ ყოველ ჯერზე გამოუშვეს და მეორე დღეს ისევ გვცემდა. პირველად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, მაგრამ 2- ათასლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს.
ქალი ამბობს, რომ გუშინ მთელი ღამე ფანჯარასთან გაატარა: „გავიგე, ისევ გამოუშვეს და ტელეფონი მეჭირა ხელში, რომ დასახმარებლად ვინმესთვის დამერეკა. სიმართლე გითხრათ, პოლიციის იმედი აღარ მაქვს. სანამ ისინი რამეს გააკეთებენ, ალბათ მომკლავს. მერე ხომ დაინახავს მთავრობა, რომ მომკლა“.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"