გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ

19-11-2021

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. განცხადება მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:


„ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ".


იუსტიციის მინისტრმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პირობად დაასახელა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება №18 დაწესებულებაში.

„ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება №18 დაწესებულებაში და ყველა კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


იუსტიციის მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ შიმშილობის შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდა.


„ეს არის, რა თქმა უნდა, თავად პატიმრის გადასაწყვეტი, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენ ვეხმარებით ამ გადაწყვეტილების მიღებაში და გადაგვყავს ის გორის ჰოსპიტალში. ბუნებრივია, დანარჩენი დამოკიდებულია მის თანხმობაზე. შეირჩა გორის ჰოსპიტალი, იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც როგორც მისი ჯანმრთელობა, ისე უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული. რაც შეეხება გარანტიებს, ეს არის, რა თქმა უნდა, შიმშილობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და, ასევე, ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა – იქნება ეს სხვადასხვა სახის აქციები გორის ჰოსპიტალთან თუ რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ისე პატიმრის უსაფრთხოებას. აი ეს არის, რისკენაც მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.