გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რწმუნებულების გარეშე დარჩენილი სენაკი და ავარიული ადმინისტრაციული შენობები ხობში

1-05-2018

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ადმინისტრაციული შენობები უკვე რამდენიმე წელია ავარიულია. დაზიანებული და შესაცვლელია კარ-ფანჯრებიც. შენობებში არ არსებობს ბუნებრივი აირი, გაუმართავია წყალგაყვანილობა და კანალიზაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციულ შენობებში სხვა დაწესებულებებიცაა განთავსებული. კერძოდ, საბავშო ბაღები, ამბულატორიები და ბიბლიოთეკა. სოფელ ბიაში კი მერის რწმუნებული და სოციალურად დაუცველი შვიდსულიანი ოჯახი ერთ შენობას იზიარებენ. ტარიელ ჭაავა უკვე მეექვსე თვეა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დროებითი ცხოვრების უფლებით შეთავაზებულ ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მისთვის განკუთვნილ სამ ოთახში მეუღლესთან და ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის უფროსი “პრაიმტაიმს” იმ მძიმე პირობების შესახებ უყვება, რომელშიც უკვე ნახევარ წელზე მეტია იმყოფება. ოთახებში არსებული ანტისანიტარია, შენობაში არარსებული წყალი, ბუნებრივი აირი და  დღემდე მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა ოჯახის მთავარი პრობლემაა.

“როცა ისინი მეორე სართულზე მუშაობენ ბავშვებს სათამაშოდ ვერ ვუშვებ, მეშნია ხელი არ შეუშალონ და აქედანაც არ გაგვყარონ. ამიტომ, სანამ სამუშაო საათები არ დასრულდება, იძულებული ვარ, ბავშვები ერთ ოთახში გამოვკეტო. მერიას ვთხოვ, სადმე ცელკე, რამე თავშესაფარი მოგვცეს, ოღონდ ამ შენობიდან გადაგვიყვანონ. თუნდაც იმიტომ, რომ აქ ამათ ხელი არ შევუშალოთ. სოციალური სამსახური იყო მოსული, შეგვამოწმეს, ნახეს ეს სიბინძურე, მაგრამ… რა ვქნათ ამ პირობებში გვიწევს ცხოვრება. შენობაში არც წყალია და საპირფარეშოც ეზოში გვაქვს. “პლეტაზე” ვაკეთებთ საჭმელს, აბა, ამ შენობაში კი არა, სოფელშიც არაა გაზი. შემოგვთავაზეს სხვა ფართიც, მაგრამ როგორც ყოველთვის სიტყვა სიტყვად რჩება, სხვა ადგილი კი არასოდეს უჩვენებია არავის”

ხობის მუნიციპალიტეტის მერს, გოჩა ქაჯაიას ტარიელ ჭაავას პრობლემებზე შემდეგი პასუხი აქვს: “ისინი სენაკელები არიან და ხობმა შეიკედლა. მაშინ, როდესაც მათ დახმარების თხოვნით მოგვმართეს სოფელ ბიის რწმუნებულმა აღნიშნულ შენობაში გამოუყო სამი ოთახი და დღემდე იქ ცხოვრობენ. როგორცკი უკეთესი პირობების შექმნას შევძლებთ, მათ სხვა საცხოვრებელ ადგილს გამოვუყოფთ”.

ხობის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ადმინისტრაციულ შენობებს საბჭოთა კვალი მართლაც ეტყობა. აშკარაა, რომ რწმუნებულებისთვის განკუთვნილი კაბინეტების მოპირდაპირედ არსებულ ოთახებში სამშენებლო ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე ადმინისტრაციული შენობის ზოგიერთ ოთახში არ არსებობს ფანჯრები და დაზიანებულია კარებიც. საუბარია სოფელ პირველი ხორგის, შუა ხორგისა და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებზე.

მიუხედავად იმისა, რომ შენობები დაზიანებულია, რწმუნებულები სამუშო პირობებით კმაყოფილები არიან, თუმცა ხარვეზებზე საუბარს არ ერიდებიან. ამბობენ, რომ შენობა ძველია და შესაბამისად, მოუწესრიგებელია უფუნქციო ოთახები. სოფელ, პირველ ხორგასა და ქარიატის ადმინისტრაციულ შენობებზე არ არსებობს აბრა, სადაც მითითებული უნდა იყოს შენობის ფუნქცია.

სოფელ ქარიატას ადმინისტრაციული შენობა 80-იან წლებში აუშენებიათ, ადმინისტრაცია კი დაახლოებით 2000 წლიდანაა განთავსებული. სახარბიელო მდგომარეობა არც ქარიატაში დამხვედრია. შენობის პირველ სართულზე ამბულატორია და საცეკვაო დარბაზია, მეორეზე კი მერის წარმომადგენლისა და მისი თანაშემწის კაბინეტებთან ერთად, რამდენიმე უფუნქციო ოთახია, სადაც დაზიანებულია კედლები, ჭერი, იატაკი და არ არსებობს ფანჯრები. სამშენებლო ნარჩენები არა, მაგრამ დასუფთავების პრობლემა შენობაში ნამდვილად დგას.

მიუხედავად იმისა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე ადმინისტრაციული შენობები მეხუთე ხელისუფლებას მასპინძლობს, პრობლემები მთავრობიდან მთავრობაზე მემკვიდრეობით გადადის და დღემდე მოუგვარებელია. უფრო მეტიც, არც მოქმედი ხელისუფლება გეგმავს ადმინისტრაციულ შენობებში არსებული მდგომარეობით დაინტერესებას, რადგან, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია “პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნავს, ისინი ვერ იზრუნებენ სოფლის რწმუნებულების კომფორტზე მაშინ, როცა მოსახლეობას უფრო დიდი პრობლემები აქვს.

-ადმინისტრაციული შენობები, სადაც მერის წარმომადგენლები სხედან, იმ პერიოდში აშენდა, როცა საბჭოთა მეურნეობები და კოლმეურნეობები ფუნქციონირებდა. მათ თავისი ბიუჯეტი გააჩნდათ. ის ოთახები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ ფუნქციურად არ არის დატვირთული. რაც შეეხებათ იმ ოთახებს, სადაც ჩემი წარმომადგენლები სხედან, მოწესრიგებული და კეთილმოწყობილია. კომუნისტების პერიოდში აშენებულ შენობებში, იმ ოთახებში, რომლებიც ჩვენ არ გვჭირდება რემონტს ხომ ვერ გავაკეთებთ? რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პრიორიტეტ არის, სოფლებში წყლისა და ბუნებრივი აირის პრობლემების მოგვარება, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება და ა.შ გასაგებია, რომ ადამიანს, რომელიც მუშაობს კარგი სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ რწმუნებულების კომფორტზე ვერ ვიზრუნებთ.

-რემონტი არ არის აუცილებელი. საუბარია, ანტისანიტარიაზე. კერძოდ, ადმინისტრაციული შენობების უფუნქციო ოთახებიდან სამშენებლო ნარჩენების გატანაზე და ელემენტარულ სისუფთავეზე.

-ანტისანიტარია არც ერთ ოთახშ არ არის. ჩვენ დასუფთავების სამსახურთან ერთად შაბათობებს ვაწყობთ და ყველა ადმინისტრაციული ერთეულის შენობა დასუფთავებულია.

-სამშენებლო ნარჩენები, რომლებზეც ვსაუბრობ არ არის ახალი. სავარაუდოდ რამდენიმე წელს ითვლის…

-ნამდვილად არ ვიცი რომელ ადმინისტრაციულ შენობაში ნახეთ, მაგრამ თუ, სადმე სამშენებლო ნარჩენებია, მე აუცილებლად მივცემ გაფრთხილებას და გამოვასწორებთ. მიუხედავად იმისა, რომ ოთახები არ არის დატვირთული, სისუფთავე აუცილებლად უნდა იყოს.

-ფანჯრების არარსებობა, სანტექნიკა, ბუნებრივი აირი, დაზიანებული კარები და ა.შ. რატომ არ ზრუნავს მუნიციპალიტეტი ამ ხარვეზების მოწესრიგებაზე?

-არც ერთი სოფლის რწმუნებულს არ მოუმართავს ჩემთვის მსგავსი პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. ჩვენ იმის მინიმალური საშუალება ნამდვილად გაგვაჩნია, რომ ის ელემენტარული პირობები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მოვაგვაროთ. მოგეხსენებათ, რამდენიმე სოფელში არ არის ბუნებრივი აირი და შესაბამისად, ვერც ადმინისტრაციული შენობების გაზიფიცირება ხდება. კარგი იქნებოდა ასევე, სოფლის ყველა რწმუნებულს ჰქონდეს ინტერნეტი, ტექნიკურად აღჭურვილიც იყოს, მაგრამ ამ პირობების შექმნასაც ვერ ვახერხებთ ჯერჯერობით. გარკვეულ სოფლებში ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ გვინდა, რომ ყველა ელექტრონულ სისტემაში იყოს ჩართული და ეტაპობრივად ამასაც მივხედავთ.

-რატომ არ ხდება მათი განთავსება ისეთ შენობებში, სადაც მსგავსი პრობლემები არ არის?

-მოგეხსენებათ, რომ 22 სოფელში, სადაც ადმინისტრაციული შენობებია განთავსებული, ჩვენ ახალი შენობების აშენებას ხომ ვერ დავიწყებთ? ფართი, რომელიც მათთვის გვაქვს გამოყოფილი ძალიან კარგადაა მოწყობილი. სხვა შენობები არ არის, ადმინისტრაციული რომელიც იყო იმაში განვათავსეთ.

მართალია, ხობში არსებულ პრობლემებს მოგვარება ჯერჯერობით არ უწერია, თუმცა, ამ ეტაპზე სენაკის მუნიციპალიტეტი უფრო რთულ მდგომარეობაშია. რამდენიმე სოფელში შევეცადე ადმინისტრაციულ შენობაში შევსულიყავი და არსებული მდგომარეობა მენახა, თუმცა, კარი დაკეტილი დამხვდა. როგორც მოგვიანებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა მითხრა, მას წარმომადგენელი ჯერჯერობით არც ერთ სოფელში არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სენაკმა მერი შვიდი თვის წინ აირჩია, როგორც ჩანს, რეორგანიზაციის პროცესით გართულმა ახალმა მერმა, ლევან კუპრეიშვილმა სოფლებში რწმუნებულები ნოემბრიდან ამ დრომდე ვერ დანიშნა. უფუნქციოდ დარჩენილი ადმინისტრაციული შენობის ეზოებს კი მოსახლეობამ პირუტყვებისთვის დროებითი საძოვრების ფუნქცია მიანიჭა.

-მეც დავინტერესდი ამ პრობემით, დავიარე სოფლის ცენტრები, სადაც რწმუნებულები ეწევიან თავიანთ საქმიანობას. გასაგებია, რომ სახარბიელო მდგომარეობა ყველგან არ არის და ზრუნვა სჭირდება. ჩვენ ამ საკითხზე ფიქრი დავიწყეთ დეკემბრის თვიდან, გასაგებია, რომ ხელი უნდა შეეწყოთ მათ ყველანაირად, მაგრამ ჩვენ ძრითადა მოსახლეობის დაკვეთას ვასრულებთ. დღესდღეისობით პრიორიტეტად გაზი რჩება და გზა, მაგრამ არის იმის საშუალება, რომ ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიები ამ კუთხით მივმართოთ.

-რატომ არ ჰყავს არც ერთ სოფელს რწმუნებული?

-დღესდღეისობით სოფლებს არ ჰყავთ რწმუნებულები, მაგრამ გარკვეულ სოფლებს ჰყავთ სპეციალისტები. რწმუნებულები არ ჰყავთ იქედან გამომდინარე, რომ ისინი იყვნენ ხელშეკრულებითი თანამშრომლები და 31 დეკემბერს მათ ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა. 1 იანვრიდან ისინი უნდა გამხდარიყვნენ მერიის შტატიანი თანამშრომლები, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მერიაში დაწყებული იყო რეორგანიზაციის პროცესი და ამ პროცესის დახურვამდე, ჩვენ კანონი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რწმუნებულებზე ვაკანსია გამოვაცხადოთ.

-ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ ადმინისტრაციული შენობები დაკეტილი დაგვხვდა?

-გარკვეული სოფლების ადმინისტრაციული შენობები, სადაც სპეციალისტებიც კი არ გვყავს, შესაძლოა დაკეტილი დაგხვედროდათ, მაგრამ ბევრი რწმუნებული, რომელიც არ იღებს ჩვენგან ხელფასს მაინც ეხმარება მოსახლეობას და მაქსიმალურად კავშირშია ჩვენთან.

რწმუნებულების გარეშე დარჩენილი სენაკის 14 სოფლის მაცხოვრებელს მოუწევს ქალაქის მერიაში შვიდი თვის წინ დაწყებული რეორგანიზაციის პროცესის ოფიციალურ დახურვას  დაელოდოს და მერი რწმუნებულებს ამ პროცედურის დასრულების შემდეგ დანიშნავს. რაც შეეხება, სენაკის სოფლებში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებს, რომლებსაც გარედანაც ეტყობათ ავარიულობის უკიდურესი მდგომარეობა, კუპრეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება, თუმცა მერს თარიღის დაკონკრეტება უჭირს.

"თაიმერი"