8-12-2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილესთან ჯანდრი უბირიასთან, უწყების თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1992-93 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილთა ოჯახებისთვის თანაგრძნობის გამოსახატად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ასევე, იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერინ შაპაზი და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანი კავკასიაში, დანიელ მაკ სუინი.
''დღეს მართლაც მძიმე, მაგრამ,ამავე დროს,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა_ თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი გმირების ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. ჩვენ, ბრძოლას სამშობლოს ერთიანობისთვის, ბოლომდე მივიყვანთ, ეს ქვეყანა იქნება ერთიანი და ჩვენი ამ გმირების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის'',_განაცხადა კობა კობალაძემ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოსვენებულ იქნა 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის_ 5 სამხედროს _ აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე ნაჭყებიას, გურამ დავითის ძე ჩიქოვანის,ვახტანგ (ლესიკა) ჭიჭიკოს ძე დანელიას, სლავიკ ალექსანდრეს ძე გოგოხიას, ზაურ ილიას ძე დამენიას და 3 მშვიდობიანი მოქალაქის- გერონტი თედორეს ძე მუშკუდიანის, მაკარ გარსევანის ძე რუხაიასა და ლიდია ივანეს ასული ჩიხლაძის იდენტიფიცირებული ნეშტები.
9 დეკემბერს, 15:00 საათზე, 4 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 4 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.