24-11-2017
მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ლევან კუპრეიშვილი სენაკის რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში შენობის სახურავის შეკეთება უკვე დასრულდა. სრულად განახლდება ელექტროგაყვანილობა და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათების სისტემა, კეთილმოეწყობა სადგურის მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს შპს ,,ჯიარ ქონების მართვის’’ გენერალურმა დირექტორმა კობა ლაცაბიძემ, მუნიციპალიტეტის მერიისა და რკინიგზის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 134 999 ლარს შეადგენს, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის შპს ,,ჯიარ ქონების მართვის’’ დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი მაცხოვრებელი. გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას, რკინიგზის სადგურს, მანამდე არ ჩატარებია.