გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლ „ბასიანის" 20 წლის იუბილე აღინიშნა

11-12-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.


საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სანოტო კრებულის „ქართული ხალხური სიმღერები - გურია" პრეზენტაცია. კრებულში შესულია სახელოვანი შემსრულებლისა და ლოტბარის, გურული სიმღერის დიდოსტატის ვლადიმერ ბერძენიშვილისა და მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს სანქტ-პეტერბურგში ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია - გურული სიმღერის 48 ნიმუში. მოწვეულმა სტუმრებმა ასევე იხილეს ანსამბლ „ბასიანის" შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი. ღონისძიების ძირითადი ნაწილი კი კონცერტს დაეთმო - ანსამბლმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულა. სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ ,,ბასიანის" ოცწლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა ეხილათ.


აღსანიშნავია, რომ მოქანდაკე გია ჯაფარიძემ სპეციალურად ,,ბასიანის" 20 წლის იუბილესათვის შექმნა მცირე ზომის ქანდაკება - „ბასიანის მადლიერების ჯილდო", რომელიც გადაეცათ ადამიანებს, რომელთაც ანსამბლის წარმატებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.


ღონისძიების ფარგლებში ფონდის "ქართული გალობა" სახელით მისმა დამფუძნებელმა, ვანო ჩხარტიშვილმა ფონდის სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა ანსამბლი ,,ბასიანი" და ,,საუკუნის ანსამბლის" წოდება მიანიჭა.


ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი" 2000 წელს საქართველოს საპატრიარქოში ჩამოყალიბდა. 2013 წელს კი მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა და კულტურის სამინისტროს სსიპ-ი გახდა. სხვადასხვა პერიოდში ანსამბლს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ფესტივალსა და სიმპოზიუმში, გამართული აქვს კონცერტები მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებსა და უნივერსიტეტებში. მათ შორის მადრიდში, ამსტერდამში, ნიუ-იორკში, ლისაბონში, იუნესკოს სათაო ოფისში და ა. შ. ანსამბლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტში Mostly Mozart Festival-ის ფარგლებში გამართულ კონცერტში „ბახი და მრავალხმიანობები" მონაწილეობა. ანსამბლმა წარადგინა ქართული ტრადიციული რეპერტუარი ბახის, ლიგეტის და დასავლეთ ევროპის სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებების გვერდით.


ანსამბლ „ბასიანის" საიუბილეო ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, შ. რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის, ფონდის „ქართული გალობა" და კომპანია „შილდას" მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი".