11-12-2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა,გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, უწყებაში, ჰოლანდიელ ექსპერტს, ნიდერლანდების სამეფოს საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერს, სამხედრო ვეტერანს, სესილია ვან პესკის და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ რუსენ აბიდინოღლუს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის მიზანი, ნიდერლანდებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებში მოქმედი ვეტერანთა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ, ქართველ ვეტერანებზე მორგებული, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა გახლდათ. განსაკუთრებით გაესვა ხაზი, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნიდერლანდებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად სერიოზული ძალისხმევისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
კობა კობალაძემ, დამსწრეთ გააცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სახელმწიფოსა და სამსახურის მიერ, ვეტერანთათვის შემუშავებული ერთობლივი პროგრამები, საკანონმდებლო ინიციატივები, გამოწვევები, რომელთა დასაძლევად, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ფასეულია; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვეტერანთა ფსიქორეაბილიტაციის კუთხით ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება.
სესილია ვან პესკიმ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ვეტერანთა ორგანიზაციებს შორის უერთიერთდახმარებას, თანამშრომლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეტერანის, როგორც მშვიდობის მშენებლისა და ელჩის პოტენციალის,გამოცდილებისა და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მით უფრო დღეს, როცა ევროპის საზღვრებთან კავკასიაში, უკრაინასა და მოლდოვაში, ცხელი კერები არსებობს. შეკრებილთ ჰოლანდიიდან ჩაერთო ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი, გენერალი ბრიგენ პოლ ჰოფსლოტი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ნიდერლანდებში ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი მეტად ინტეგრაციის, ვეტერანთა ინსტიტუტისა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მოდელზე. მან, პირადად, კობა კობალაძეს და ქართველ ვეტერანებს თავისი პატივისცემა დაუდასტურა და საქართველოში ჩამოსვლის, ურთიერთობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტების დაგეგმვის სურვილი გამოთქვა, რაზედაც მასპინძელმა სრული მზადყოფნა დაუდასტურა.
დღევანდელი შეხვედრა, რომლის ორგანიზატორიც, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო და უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრი DCAF გახლდათ, ერთგვარი გაგრძელება იყო შეხვედრისა, რომელიც მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, სესილია ვან პესკისთან ზუმ ფორმატში გაიმართა, თემაზე '' ვემსახურებით მათ,ვინც გვემსახურა'' ზრუნვის კონცეფციები: სამხედრო ვეტერანების მხარდაჭერის სტრუქტურული ქსელები''.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის დეპარტამენტების წარმომადგენლები, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ექსპერტები.