23-01-2022
სოხუმის აეროპორტი, რომელიც 1992-93 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აღარ მუშაობდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსეთის დახმარებით აღდგება. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
”ეს არის პოლიტიკური და არა ეკონომიკური პროექტი… რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ორ კვირაში ერთხელ ატარებს თათბირს და სამინისტროს სპეციალისტები სოხუმში არაერთხელ ჩამოსულან. ის 2024 წლის დასაწყისისთვის აუცილებლად გაიხსნება,” – თქვა ბჟანიამ.
სოხუმის აეროპორტის განახლების და აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლების საკითხი ასლან ბჟანიამ სოჭში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განიხილა.
რუსეთის პრეზიდენტმა ამ საკითხში მას დახმარება აღუთქვა და რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია სოხუმში ჩავიდა საჰაერო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
საბჭოთა პერიოდში სოხუმის აეროპორტიდან ყოველდღიურად ათობით ფრენა სრულდებოდა და ხუთი ათასამდე მგზავრს ემსახურებოდა.
გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია განხორციელდა და ის კოსმოსური ხომალდის “ბურანის” დასაჯდომად სათადარიგო მოედნად ითვლებოდა.
აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, სოხუმის აეროპორტი სამოქალაქო ფრენებისთვის დაიხურა, რადგან საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ ICAO მას სანქციები დაუწესა. ორგანიზაცია არ ცნობს სოხუმის აეროპორტს, როგორც საერთაშორისო აეროპორტს, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
ამასთან დაკავშირებით, სოხუმის აეროპორტის გახსნის შემთხვევაში, ფაქტობრივად, ის შეძლებს რეისების მიღებას მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. რუსეთის გარდა ესენია სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.
ამჟამად მიტოვებული აეროპორტის კომპლექსი ფაქტობრივად თავიდან უნდა აშენდეს, ასაფრენი ბილიკი კი კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.