10-02-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილეები - გიორგი ნოდარიშვილი და ლევან შერაზადიშვილი იმყოფებოდნენ რაჭის მუზეუმში, რა დროსაც პირადად გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას, რომელიც განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი"-ს მიერ.
რაჭის მუზეუმის შენობაში განთავსებულია საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო დარბაზი, ფონდების საცავი, ბიბლიოთეკის, მედიათეკისა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეები, შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აიგო.
უახლოეს პერიოდში რაჭის მუზეუმში ბინას დაიდებს ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში" დღემდე დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია: კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, ისტორიული ფოტომასალები, ხელნაწერი ისტორიული დოკუმენტები და სხვა კოლექციები, სულ 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი.
რაჭის მუზეუმში ასევე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილი და მისი მოადგილეები. ასევე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ მუზეუმის მშენებლობა დაფინანსდა საქართველოს მთავრობის მიერ და მისმა ღირებულებამ 5,5 მილიონი ლარი შეადგინა.