11-02-2022
დღეს არის მშვიდი პოლიტიკური გარემო და შესაბამისად, ამ კუთხითაც ჩვენ, შეგვიძლია, ვისაუბროთ ჩვენი პარტიის პოლიტიკურ წარმატებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ის ფაქტორები დაასახელა, რის გამოც, ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღწეული შედეგებით კმაყოფილია.
მათ შორის ირაკლი კობახიძე გამოყოფს ე.წ. ხელოვნურ კრიზისს, რომლის დაძლევაც მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ შეძლო.
„ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, შეიძლება კმაყოფილი ვიყოთ შედეგებით, რომელიც გვაქვს. საუბარია პოლიტიკური კუთხით პარტიის წარმატებაზე.
ამაში იგულისხმება ის, რომ შარშან ამ დროს იანვარში, თებერვალში იყო ე.წ. ხელოვნური, მაგრამ კრიზისი. არ იყო ოპოზიცია წარმოდგენილი პარლამენტში.
ეს იყო მოცემული, რასაც სხვადასხვა სუბიექტი აფასებდა, როგორც პოლიტიკურ კრიზისს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაწილიც. რა თქმა უნდა, ამ ვითარებას სჭირდებოდა შეცვლა, დაძლევა და ჩვენ ეს შევძელით.
შარშან იყო განსხვავებული სურათი, როდესაც ჯერ კიდევ იყო გარკვეული რისკები იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას შეიძლებოდა აერია ვითარება, ყოველ შემთხვევაში ამის რაღაც პრაქტიკული შანსი მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ, რაც დღეს აღარ აქვთ. ამ ხელოვნური კრიზისის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ესეც იყო, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ჯერ კიდევ ჰქონდა ვითარების არევის გარკვეული რესურსი. ეს იყო მოცემულობა იანვარში და თებერვალში, შარშან ამ დროს, რაც დღეს აღარ არის. დღეს არის მშვიდი პოლიტიკური გარემო და შესაბამისად ამ კუთხითაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი პარტიის პოლიტიკურ წარმატებაზე. ოპოზიცია იძულებული გახდა, შემოსულიყო პარლამენტში, რაც მანამდე არ სურდათ და ამას ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტული, ტაქტიკური ნაბიჯების წყალობით. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ 19 აპრილის შეთანხმება ყოფილიყო ხელმოწერილი, რაც არ უნდოდა ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ კუთხით 43%-იანი ბარიერის შეთავაზება. ეს იყო ჩვენი მხრიდან წამოსული ინიციატივა და ასეთ დროს უკვე იძულებული გახდა ოპოზიცია, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე და შემოსულიყო პარლამენტში. ამის მერე თავადვე დაუშვეს შეცდომები, რაც ასევე კარგად გამოვიყენეთ ჩვენ და საბოლოო ჯამში მათ მიერ დაშვებული შეცდომა თუ დანაშაული, არ ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს ამას, 100 დღის განმავლობაში დოკუმენტის ხელის არ მოწერას, ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეგვემცირებინა მუნიციპალური არჩევნების წინ და ანულირება სწორედ დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. სწორედ ამის წყალობით მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ნაკლებად მძიმე, პოლარიზებულ გარემოში, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ პოლარიზებული იყო გარემო, მაგრამ იყო ბევრად უფრო დაბალი პოლარიზაციის ხარისხი, ვიდრე ერთი წლით ადრე.
და ბოლოს, ჩვენ ოქტომბერში დავდეთ დამაჯერებელი შედეგი, ჩვენ გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგები. 48% გვქონდა საპარლამენტო არჩევნებში, 47%, პრაქტიკულად იგივე, გვქონდა მუნიციპალურ არჩევნებში და ამით საბოლოო წერტილი დაესვა ყოველგვარ საუბარს რიგგარეშე არჩევნებზე. ვითარება დღეს არის მშვიდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.