გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: დასაქმების ახალი პროგრამით, პირველ რიგში, ჩვენ ვზრუნავთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე

14-02-2022

„ვფიქრობთ, ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველაზე ეფექტიანად და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ვზრუნავთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის არსებული პირობების გაუმჯობესებაზე" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დასაქმების ახალ პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.


მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ათობით ათასი სამუშაო ადგილი იქნება მობილიზებული. მისივე თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია ათობით ათასი სამუშაო ადგილი - ამაზე მიდიოდა მუშაობა სახელმწიფო უწყებებში, ყველა სამინისტროს დაევალა, ასევე მუნიციპალიტეტებს, რომ როგორც პრემიერმა განაცხადა, წლის განმავლობაში დაახლოებით 50 000 სამუშაო ადგილის მობილიზება მოხდეს საზოგადოებრივი დასაქმების კუთხით.


„რატომ საზოგადოებრივი დასაქმება - რასაც კერძო სექტორი, ჩვენი ეკონომიკა ვერ აგენერირებს, ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი ინიციატივით და ჩვენი ინტერვენციებით. ეს უნდა იყოს გამიზნული სამუშაო ადგილები, გამიზნული საქმიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გვქონდა ძალიან დეტალური მუშაობა, შევისწავლეთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საჭიროებები. მაგალითად - როცა ვმუშაობდი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მხოლოდ სატყეო სექტორში რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი გვაქვს და იდენტიფიცირებული იყო. ასეთი სამუშაოები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივის - ტყის და ეკოსისტემების უკეთესად მოვლის, შენარჩუნების და აღდგენის საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მინისტრის განმარტებით, სამუშაო ადგილები იდენტიფიცირებულია სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების და სამინისტროების დონეზე. საუბარია როგორც ფიზიკურ შრომაზე, ასევე გარკვეულ საოფისე საქმიანობებზე.

ლევან დავითაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, ეს დასაქმების სააგენტოს ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს და სააგენტოს კომპეტენციების ზრდაც ამ პროექტის ნაწილია.


„სააგენტო დაიმატებს კადრებს და ის იქნება კოორდინატორი, რომ სწორი შესაბამისობა მოხდეს შეთავაზებულ სამუშაოსა და პოტენციური დამსაქმებლის უნარებს შორის. ასევე პროექტის ნაწილია კონკრეტული უნარების და მინიმალური კვალიფიკაციის ზრდა. როგორც წესი, აქ არ არის საუბარი ძალიან მაღალ კვალიფიკაციაზე, მაგრამ კონკრეტული უნარები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც ამ სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან. მათი დასაქმების ეფექტიანად წარმართვა არის იმ უწყებების პასუხისმგებლობა, რომლებიც დასაქმებულებს მიიღებენ, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეროვნული სატყეო სააგენტო, ესა თუ ის მუნიციპალიტეტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ა.შ. და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ტექნიკურად აღჭურვა და იმ კვალიფიკაციების ამ ადამიანებისთვის მიწოდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.