15-02-2022
15 თებერვალი, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, "ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის'' წევრებმა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან, მამა ვახტანგმა (გოგოლაძე) დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1979 წლის 27 დეკემბერს, საბჭოთა არმიის ნაწილები ავღანეთში შეიჭრნენ, დაამხეს პრეზიდენტი ჰაფიზულა ამინი და ქვეყანაში კომუნისტური წეს-წყობილების იძულებით დამყარებას შეეცადნენ. 9 წლიანი სამხედრო დაპირისპირება რომლის დროსაც, 13 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანით და მალე კომუნისტური იმპერიის დაშლით დასრულდა.
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, საბჭოთა ჯარებმა, 1989 წლის 15 თებერვალს დატოვეს. 9 წლის განმავლობაში, ავღანეთში საქართველოდან 5000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, 128 დაიღუპა, 6 კი _დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ავღანეთის ომის არა ერთმა ვეტერანმა იბრძოლა და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ავღანეთისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათის ომების ვეტერანები, დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები, ყოველ წელს იკრიბებიან თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალთან, გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ და პატივს მიაგებენ ავღანეთში დაღუპული მეომრების ხსოვნას.