გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

21-02-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს ემინამრულაევს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა.

 

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა კოლეგას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით  უზრუნველყოფას. ასევე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის შედეგად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცემა.

 

მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ სხვა მექანიზმებზეც ისაუბრეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.

 

მიხეილ ჩხენკელმა კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც გულისხმობს ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

 

ემინამრულაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისათვის მათთვის სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც მათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.

 

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე.

 

შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ემინამრულაევმა მოაწერეს.

 

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანული დელეგაციის წარმომადგენლები.