გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კომუნიკაციების კომისია: ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა 40-მდე მაუწყებელმა დაარღვია

24-02-2022

მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის კანონმდებლობის შეუსრულებლობის გამო, კომუნიკაციების კომისიამ 20 მაუწყებელი გააფრთხილა, 16 კი სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. მათ შორის არიან, „ტელეიმედი", ტელეკომპანია „პირველი", „ფორმულა", „მთავარი არხი", „მედია ჰოლდინგი" ( „რუსთავი 2"), ტელეკომპანია „კავკასია", რადიოები და რეგიონული მაუწყებლები. საზოგადოებრივი მაუწყებელისა და „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის" საკითხების განხილვა კომისიამ გადადო.


კერძოდ, საქმე ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში 2013 წელს შესულ ცვლილებებს, რომელიც მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ადგენს. მას შემდეგ, რაც 7 წლიანი სასამართლო დავა დასრულდა და მაუწყებლები არა მხოლოდ კანონის და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების, არამედ უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არიან ვალდებულნი, რომ მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღასრულონ.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კომუნიკაციების კომისია კანონის აღსრულების მიზნით, 7 თვის განმავლობაში სამუშაო რეჟიმში იყო მაუწყებლებთან, მიუხედავად ამისა მათ დიდ ნაწილს დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია კომისიაში სრულად ამ დრომდე არ აქვთ წარმოდგენილი. კომისიამ მაუწყებლები სამართალდამრღვევად ცნო და კანონის აღსრულებისთვის 15 კალენდარული დღე მისცა.


„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველკვარტლურად, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, კომუნიკაციების კომისიაში წარმოადგინონ ინფორმაცია მაუწყებლების დაფინანსებისა და დამფინანსებელი პირების შესახებ. 38-მა ტელე და რადიო მაუწყებელმა 2021 წლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ან საერთოდ არ წამოადგინა კომისიაში ან მათ მიერ შევსებული ინფორმაცია არასრულია.


მაუწყებლების ნაწილმა კომუნიკაციების კომისიის სხდომამდე კანონით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად წარმოადგინა, შესაბამისად, დარღვევის აღმოფხვრის გამო, კომისიამ კომპანიები სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. 20-მა მაუწყებელმა, რომელმაც კანონის მოთხოვნა არ შეასრულა, კომისიისგან წერილობითი გაფრთხილება მიიღო.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებას წლების განმავლობაში ითხოვდა. 2013 წელს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, რომლის მიზანი მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, უნდა მომხდარიყო მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ მაყურებლების სრულად ინფორმირება. ამასთან, კანონის მიზანია საზოგადოებამ იცოდეს, რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს რა თანხა მიაქვს ამა თუ იმ მაუწყებელში და ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს მედია საშუალება. მაყურებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არხის სარედაქციო პოლიტიკის ანალიზი გააკეთოს, გააანალიზოს დაფინანსების წყაროების გავლენა მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაზე, რათა დაიცვას საკუთარი თავი შესაძლო მანიპულაციისგან.


მაუწყებლების დიდი ნაწილი მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოთხოვნებს არ ასრულებდა, ვინაიდან მათ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წლების განმავლობაში სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდათ გასაჩივრებული. თუმცა, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შემდეგ, 2021 წელს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა მაუწყებლობის ფინანსურ გამჭვირვალობაზე უნდა შესრულდეს. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი მენეჯმენტის სარჩელი, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.


იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მაუწყებლები კანონის მოთხოვნას არ ასრულებდნენ, საქართველო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017, 2018 და 2019 წლების ანგარიშებში ქვეყანას კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებდა.