3-03-2022
ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისათვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიიყვანს.
„ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისათვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.
დასასრულს, მინდა მოვიშველიო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპის კონსტიტუციის ავტორის, მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელის სიტყვები, ადამიანის, რომელმაც გაუსწრო დროს და ერთიანი ევროპის იდეით შეპყრობილმა იწინასწარმეტყველა კიდეც ევროგაერთიანება: „საქართველომ იცის რომ ევროპას ეკუთვნის. ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები. საჭიროა, საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპაში და დასავლურმა ერებმა მიიღონ საქართველო თავიანთ ოჯახში".
ეს სიტყვები, ისე როგორც არასდროს, პასუხობს დღევანდელ რეალობას. იმედი გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიგვიყვანს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.