14-03-2022
„2022 წლის თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები მაღალი დინამიზმით გამოირჩეოდა. ექსპორტის მოცულობა წინა წლის თებერვალთან შედარებით გაიზარდა 60.3 პროცენტით და 429.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. ეს თვეების მიხედვით მეორე საუკეთესო მაჩვენებელია (2021 წლის ნოემბრის შემდეგ), ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თებერვალში კალენდარული დღეების რაოდენობა ნაკლებია, 2022 წლის თებერვალში ექსპორტის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა (15.3 მლნ. აშშ დოლარი). ექსპორტის თებერვლის სადღეღამისო მოცულობა 2021 წლის საშუალო სადღეღამისო ექსპორტს 2.7 მლნ. აშშ დოლარით, მათ შორის მხოლოდ გასული წლის თებერვლისას - 5.7 მლნ. აშშ დოლარით აღემატება,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „საქსტატის“ მიერ 2022 წლის თებერვალში საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-სტატისტიკა.
თავის ფეისბუქ-გვერდზე ექსპერტმა აღნიშნა, რომ თებერვალში საგარეო სავაჭრო ურთიერთობები წინა თვესთანაც შედარებით გაცილებით ინტენსიურად ხორციელდებოდა:
"თებერვლის სავაჭრო ბრუნვა იანვრისას აღემატებოდა 28.2 პროცენტით, ექსპორტი - 29.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი - 27.6 პროცენტით. აღნიშნული ინდიკატორების საშუალო სადღეღამისო მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტ სხვაობას აფიქსირებენ: თებერვალში ყოველდღიური ექსპორტი იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატებოდა 43.4 პროცენტით (+ 4.6 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის, შესაბამისად, 41.3 პროცენტით (+10.4 მლნ. აშშ დოლარი).
ამასთან, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2022 წლის თებერვალში შეადგინა 42.6 პროცენტი, რაც 1.3 პუნქტით აღემატება 2021 წლის თებერვლის (41.3%) მაჩვენებელს. „საგარეო სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა ცალსახად ადასტურებს საქართველოს გლობალურ ბაზრებზე პოზიციონირების გაუმჯობესებას. ამასთან, სავაჭრო ბრუნვის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, ისე რეექსპორტის სტაბილური, ორნიშნა ზრდა, რაც ხაზს უსვამს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და რეგიონული ჰაბის როლის გაძლიერებას. მთლიანობაში კი საგარეო სავაჭრო ბრუნვის ამგვარი დინამიზმი მიღწეულია როგორც ქართველ ბიზნესმენთა სამეწარმეო აქტიურობის ზრდით, ისე ხელისუფლების მიერ კერძო სექტორის, ბიზნესის ხელშეწყობის, განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ მიმართული რაციონალური, კომპლექსურ ღონისძიებებში გამოხატული თანმიმდევრული სტრატეგიით,“ - წერს იოსებ არჩვაძე.