14-03-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით მრავალი წელია ახორციელებს და აღნიშნა, რომ მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელსსაქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებითაღებული ვალდებულებების შესრულებაში.
,,ახლა, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკვე გააკეთა, ბევრი მიმართულებით მოგვიწევს ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რაშიც გერმანიისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია,სწრაფად ვიაროთ წინ, დავუახლოვდეთ ევროპას და გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის, აშშ-ის და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე.გერმანია ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისასალმებელია, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ოთარ შამუგიას მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ გერმანულ მხარეს სამინისტროსთან დიდი ხნის და კარგი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW)მიერ საქართველოში გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, სატყეო სექტორისა და დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს.