18-03-2022
გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით. მათივე შეფასებით, „გასაიდუმლოებულია და უცნობია, რატომ გადაიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს ცაზე“, „ჰქონდათ თუ არა ამისთვის „ქართული ოცნების“ ნებართვა“, რომ ეს „შესაძლოა, გახდეს მორიგი საერთაშორისო სკანდალი, თუ საქართველო კრემლს უხსნის საჰაერო სივრცეს“და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტელეკომპანია, ტრადიციულად, აგრძელებს მავნებლური, საშიში და უპასუხისმგებლო შეფასებების გაკეთებას საინფორმაციო სივრცეში, მითუმეტეს, უკრაინაში არსებული რეალობის ფონზე. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ავრცელებენ სრულიად გადაუმოწმებელ, მხოლოდ საკუთარი „საინფორმაციო“ წყაროებიდან მოძიებული თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან მიღებული მესიჯებით დეზინფორმაციას და წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება არა მთავრობის საქმიანობას, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას.
განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით RA76429. აღნიშნული რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა - რეისის შესასრულებლად ავიაკომპანიის მიერ ივსება მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათაო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია. საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს" - აცხადებენ სამინისტროში.