გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„STOP ხამის“ მიერ გორში ჩაწერილი გადაცემა, სადაც წამყვანს აგინებენ, დადგმული იყო

15-05-2018


POST TV-ის გადაცემა „STOP ხამი“-ს ის ეპიზოდი, რომელიც გადაღებულია ქალაქ გორში და სადაც ავტომობილში მჯდომი პირი გადაცემის წამყვანს და ჯგუფის სხვა წევრებს უცენზურო სიტყვებით აგინებს, არის დადგმული. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს დასკვნით, გაყალბებული ინფორმაციით გადაცემამ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა და გორელების, "როგორც თავხედი და კანონდამრღვევი მოქალაქეების" ჩვენებით, ხელი შეუწყო დისკრიმინაციის წახალისებას გეოგრაფიული ნიშნით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მოქალაქე დავით მახარაშვილმა მიმართა. მისი თქმით, მასალა იყო ფალსიფიცირებული, რადგან რესპონდენტები რეალურად არ არიან მძღოლები და „გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს ერთ-ერთი მათგანი აღიარებს, რომ სიუჟეტში წარმოთქმული ბილწსიტყვაობისთვის POST TV-ის თანამშრომლებისგან 20 ლარი მიიღო“. განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ გადაცემის გავრცელების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან აშკარად უარყოფითი და სიძულვილით აღსავსე გამოძახილები იყო გორის და გორელების მიმართ.

სადავო იყო „STOP ხამის“ შემდეგი ეპიზოდი: გადაცემის გადამღები ჯგუფი უახლოვდება BMW მარკის ავტომობილს, რომელიც გაჩერებულია ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე, რაც დარღვევაა. მანქანაში მძღოლის ადგილის გვერდით ზის ერთი პირი, რომელსაც გადაცემის წამყვანი ავტომობილის გადაყენებას სთხოვს. საპასუხოდ მანქანაში მჯდომი პირისგან ისმის გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები წამყვანის მიმართ. ხაზს უსვამს, რომ „გორელია“ და „არაფერი არ უნდა შეეშალოთ“. მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ ეპიზოდი ასახავს რეალურ ფაქტს, რომ მანქანაში მყოფი „გორელი“ პირი არის აგრესიული, უზრდელი და არ ემორჩილება კანონს. გადაცემის წამყვანი ბოლოს აღნიშნავს, რომ იგი გორში აღარ ჩამოვა, ვინაიდან მის მართ გამოიჩინეს ასეთი აგრესია.


POSTV-ის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადება განსახილველად არ უნდა მიეღო, რადგან იყო გასართობი გადაცემა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ POSTV-ის პოზიცია არ გაიზიარა. საბჭოს განმარტებით,  „STOP ხამი“ არის გადაცემა, სადაც წამყვანი, ოპერატორები მოძრაობენ ქუჩებში და აფიქსირებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სავარაუდოდ არღვევენ მოძრაობის და პარკირების წესებს. მეტიც, არასწორი პარკირება [მაგალითად შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე, ფეხით მოსიარულეთა გზაზე] შეიძლება ანტისოციალურ ქცევადაც შეფასდეს. აქედან გამომდინარე, საბჭოს განცხადებით, გადაცემას დეკლარირებული აქვს, რომ იგი ამხელს სავარაუდო სამართალდამრღვევებს, სააშკარაოზე გამოაქვს პარკირების კუთხით არსებული პრობლემები, არსად არის მითითებული, რომ გადაცემაში გამოვლენილი სავარაუდო სამართალდარღვევები არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, ამ გადაცემის შინაარსი დაფუძნებულია არა იმდენად გასართობ ნაწილზე, რამდენადაც აუდიტორიის ინფორმირებაზე ქუჩებში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გამოარკვია, რომ BMW მარკის ავტომობილში მჯდომი პირის სახელია ბადრი, რომელიც ქალაქ გორის ცენტრში მანქანების პარკირებას არეგულირებს. გავრცელდა სამი სხვადასხვა ვიდეო, სადაც ბადრი აღნიშნავს, რომ ეპიზოდი მართლაც დადგმული იყო და „STOP ხამის“ გადამღებმა ჯგუფმა სთხოვა ამ ეპიზოდში მონაწილეობა. საბჭომ გამოკითხა სადავო ეპიზოდში მონაწილე ბადრი და მისი ბიძაშვილი შალვა ნალიყაშვილი. მათი მონათხრობის მიხედვით, შალვა ნალიყაშვილს [რომელიც ასევე პარკირების რეგულირებაზე მუშაობს გორში] მიმართა POSTV-ის თანამშრომელმა თემურ უგრეხელიძემ და სთხოვა ბადრის მოძებნაში დახმარება. ბადრი ჯანრთელობის პრობლემების გამო [მას სტკიოდა ფეხი, სადავო ეპიზოდშიც ჩანს, რომ ბადრი იყენებს ხელჯოხს] იმყოფებოდა სახლში. შალვა ნალიყაშვილის დახმარებით თემურ უგრეხელიძემ მიაკვლია ბადრის და სთხოვა ეპიზოდში მონაწილეობა. ბადრი დათანხმდა, რის შემდეგაც მათ გორის ჯერ ერთ უბანში სცადეს ეპიზოდის დადგმა, მაგრამ ვერ იპოვეს ფეხით მოსიარულეთა შესაფერისი გადასასვლელი, რის შემდეგაც უკვე გორის ცენტრში გადაინაცვლეს და ეპიზოდი დადგეს იქ, სადაც ჩანს გადაცემაში.

როგორც ბადრის, ისე შალვა ნალიყაშვილის გამოკითხვა განხორციელდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მათი მონათხრობი ერთმანეთს დაემთხვა. ასევე ორივე მათგანმა ჯგუფური ფოტოებიდან ამოიცნო თემურ უგრეხელიძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ეპიზოდი იყო დადგმული და არ შეესაბამებოდა სიმართლეს, შეცდომაში შეჰყავდა მაყურებელი, რომელსაც შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ BMW მარკის ავტომობილის მგზავრის [ბადრი] ეპიზოდი რეალური იყო. შესაბამისად, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი [არასწორი ინფორმაციის გავრცელება], მე-3 პრინციპი [გავრცელდა გაყალბებული ინფორმაცია] და მე-11 პრინციპი [განზრახ მოხდა არასწორი/გაყალბებული ინფორმაციის მომზადება/დამახინჯება].

ქარტიის საბჭოს განმარტებით, დადგმულმა სცენამ, წამყვანის შეფასებითმა კომენტარებმა გამოიწვია დისკრიმინაციის წახალისება. ვიდეო ასობით კომენტარის საფუძველი გახდა, რომელთა უმრავლესობაში ლანძღავდნენ გორელებს, მაშინ როცა მედიის ვალია ყველანაირად შეუშალოს ხელი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. სიუჟეტის გავრცელებას სოციალურ ქსელში მოჰყვა უამრავი ნეგატიური კომენტარი, ძირითადად დაკავშირებული ბადრის ეპიზოდთან, სადაც გორში მცხოვრები პირები მოხსენიებულები არიან თავხედებად და კანონდამრღვევებად. საბჭოს დასკვნით, დადგმულმა სიუჟეტმა გამოიწვია სიძულვილის ენა გეოგრაფიული საცხოვრებელი ადგილის ნიშნით. შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

reginfo.ge