გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე შარაშენიძე: ნაცვლად იმისა, რომ იარაღი ვაჟღარუნოთ, როგორც ეს ზოგიერთს უნდა, რიტორიკა უნდა გავაძლიეროთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

23-03-2022

ჩვენ იმის ნაცვლად, რომ იარაღი ვაჟღარუნოთ, როგორც ეს ზოგიერთს უნდა და სიგიჟეებს გაიძახის, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ რიტორიკა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.


მისივე თქმით, ახლა, უკრაინაში შექმნილი ვითარების პარალელურად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფიქრიც კი, მითუმეტეს, ლაპარაკი ამაზე, ქმედებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, რომ შეიძლება ქართული ჯარი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შევიდეს.


„ამდენი ხანია ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ აფხაზებისა და ოსების კეთილგანწყობა. მათ ჩვენ არ მოვწონვართ, თავს ნუ მოვიტყუებთ, უნდა დავიბრუნოთ მათი კეთილგანწყობა. ამდენი ხანი, ამდენი ფული იყრება იმაში, რომ უფასოდ ვმკურნალობთ აფხაზებსა და ოსებს. ახლა კიდევ იმაზე საუბარი, რომ იქ ჯარი შეიძლება შევიყვანოთ, როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება მსგავსი რამ ვინმეს თავში მოუვიდეს. რაც შეეხება იმას, რა შედეგი მოყვება საერთაშორისო ასპარეზზე ახლა, უკრაინაში შექმნილი ვითარების პარალელურად, დეოკუპაციის მოთხოვნას, რა შედეგი მოყვება, რა რუსეთს შეეშინდება? არა, რა თქმა უნდა. რა სისულელეა! ეს უბედურება უკრაინაში დასრულდება. ყველაზე ცუდი სცენარიც კი არის ის, რომ წაართვას უკრაინას რუსეთმა ტერიტორიები, კიევს ვერ აიღებს, დარწმუნებული ვარ. რუსეთისთვის ყველაზე კარგი სცენარი, საბოლოო ჯამში, მისთვის მაინც დამასუსტებელი იქნება, იმიტომ, რომ სანქციები ურტყამს. წართმეული ტერიტორიების ოკუპაცია ძალიან ძვირი დაუჯდება. ამ შემთხვევაშიც, კი დასუსტებულია და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივიღოთ ჩვენ დასუსტებული რუსეთი და ესაა ჩვენი შანსი, თუმცა დღეს და ხვალ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ხოლო პარალელურად, ჩვენ იმის ნაცვლად, რომ იარაღი ვაჟღარუნოთ, როგორც ეს ზოგიერთს უნდა და სიგიჟეებს გაიძახის, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ რიტორიკა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი. რუსული პროპაგანდა ჩასაფრებულია და ვიღაც-ვიღაცების ყველა წამოხტომაზე, ამ გამოხტომას აიტაცებს, მერე კიდევ უფრო გააზვიადებს და ამ მესიჯებს კიდევ უფრო დაატრიალებს „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში“, - განაცხადა შარაშენიძემ.


მისივე თქმით, უკრაინაში ეს ომი რუსეთს არამხოლოდ ეკონომიკურად დაასუსტებს, არამედ მოსახლეობის დემორალიზებაც მოხდება.


„ვხედავთ ბევრი ცნობილი ადამიანი გაემიჯნა ამ ომს. ერთია, იბრძოდე სირიაში და მეორეა, ებრძოდე უკრაინელებს. შესაბამისად, რუსული საზოგადოების დემორალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ეკონომიკურად დასუსტება. ამის შემდეგ რა მოხდება დრო გამოაჩენს, მაგრამ ჩვენ უნდა ვჩანდეთ მშვიდობიანად განწყობილი, მართლა ევროპული სახელმწიფო. რას ჰქვია ჯარი შევიყვანოთ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში?!“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.