25-03-2022
,,რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იგულისხმება, როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი, ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია ინფორმაციით, თითქოს მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება, შეიძლება მოხდეს ძალისმიერი მეთოდით, რაც, რასაკვირველია, სინამდვილეს არ შეესაბამება ‘’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მას სურს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არ არის მათი ახალგაზრდების საომარ მოქმედებებში ჩართვა - ეს მათ ინტერესებს არ შეესაბამება.
,,ქართველებსაც და ოსებსაც, თქვენი მეშვეობით, კიდევ ერთხელ მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით მეგობრობის, სიყვარულის ფასი, ვიცით ცოდვების შენდობა და ვიყურებით მომავალში. ჩვენ ახალგაზრდების საომარ მოქმედებებში ჩართვა არ გვინდა, მათ შორის არც ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. ასე რომ, ჩვენი პოზიცია უცვლელია და ამ პოზიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება’’ - განაცხადა გია ვოლსკიმ.