გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ევროკავშირის დახმარებით, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მართვის გაუმჯობესების პროექტი ამოქმედდა

31-03-2022

ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი „საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის შექმნისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში" ამოქმედდა. პროექტის ბიუჯეტს, რომელიც 1,300,000 ევროს შეადგენს, ევროკავშირი დააფინანსებს.
პროექტის მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, როგორც პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან. სიტყვით გამოსვლისას, მან დადებითად შეაფასა პროექტის დაწყება და განაცხადა, რომ ის საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მართვისა და დაგეგმვის კომპონენტის გაუმჯობესებას და ევროპული პრაქტიკის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის წარმატებით განხორციელება დადებითად აისახება საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესზე.


კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ძირითადი მიზანია საგზაო უსაფრთხოების მართვის კომპონენტის გაძლიერება საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად, მათ შორის, ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოების და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების გზით.


ყურადღება გამახვილდა პროექტის ისეთ ამოცანებზე, როგორიცაა ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, ინსტიტუციურ დონეზე საგზაო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავების, საგზაო შემთხვევების მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების ხარისხის გაუმჯობესება. სხდომას ასევე ესწრებოდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ერეკლე კეჟერაშვილი და სხვა უწყებების წარმომადგენლები საქართველოს მხრიდან.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტექნიკური დახმარების გაწევა საგზაო შემთხვევების ელექტრონული მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების, საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტური სისტემის შემუშავების, ტრავმის ეროვნული რეესტრის შექმნის, მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ეროვნული უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.


ევროკავშირის მხრიდან პროექტის ძირითადი განმახორციელებლები არიან პოლონეთისა და ლიეტუვის ორგანიზაციები. პროექტის მთავარი ბენეფიციარები კი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ- ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.