გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერ-მინისტრი ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

3-04-2022

მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას, ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება, მომატება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში განაცხადა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაიწყო ქობულეთში ახალი ბულვარის მშენებლობა, რომელიც პირველ ეტაპზე არის დაახლოებით 1-კილომეტრიანი და შემდეგ ის ჩავა ბობოყვათამდე.


„კეთილმოეწყობა ეს არეალი და ვფიქრობ, იქნება ახალი მიმართულება ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამას გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომელიც უკავშირდება ურბანული განახლების პროექტებს და ეს პროექტებიც მაქსიმალურად დაჩქარდება, ვინაიდან ამინდმა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხელი შეუშალა პროექტის განხორციელების ტემპს", - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


მთავრობის მეთაური სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.


პროექტის მიხედვით, ქობულეთში მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე სანაპირო ზოლის 885 მეტრის სიგრძის გამყოფი კედელი, 900 მეტრის სიგრძისა და 2.5 მეტრის სიგანის ველო ბილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი ეწყობა. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ გათვალისწინებულია კომერციული ზონების, რეკრეაციული, საბავშვო და სპორტული ზონების მოწყობა ატრაქციონებითა და პლაჟის ფეხბურთის მოედნით. რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყობა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ხოლო ძველ ბულვართან დასაკავშირებლად აშენდება საფეხმავლო ხიდი.


ქობულეთის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 7 600 000 ლარია. პროექტის განხორციელება 2021 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროგრამით „განახლებული რეგიონები" დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები ქალაქ ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტებისათვის აჭარის რეგიონისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20,000,000 ლარია გამოყოფილი.


პრემიერ-მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.