გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: ჩანს, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული

6-04-2022

აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან. მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში“, – განაცხადა მდინარაძემ.


მისივე თქმით, ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციისა და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი.


„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ. სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ. ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.


ამავე დროს არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დაცდენიათ იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია.


მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას“, – აღნიშნა მდინარაძემ.


მამუკა მდინარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც უკრაინის ხელისუფლებას, მიმართა, რომ წარმოადგინონ მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ უარყონ აბსურდული განცხადებები.