გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამუკა მდინარაძე: კატეგორიულად მოვითხოვოთ, უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ უარყონ აბსურდული განცხადებები

6-04-2022

კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გუშინდელ განცხადებაზე.


საუბარია განცხადებაზე, სადაც კულება ამბობს: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად საქართველოს წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.


მისივე თქმით, ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ.


„ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა! საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას „საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად“ მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია. ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაერო-ში, სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთო-ში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე. ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ.


ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან. მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში“, – განაცხადა მდინარაძემ.


მისივე თქმით, ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციისა და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი.


„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის – საქართველოს მიმართ. სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ. ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.


ამავე დროს არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დაცდენიათ იმის მიუხედავთ, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია.


მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას“, – აღნიშნა მდინარაძემ.


მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.


„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. აქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.