გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიში მოისმინეს

6-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებები შეაჯამა. სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტის წევრებს სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ მესხმა წარუდგინეს.


აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2021 წელს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით -   ქართული სასურსათო დანიშნულების ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტისთვის გაიხსნა  იორდანიის ბაზარი, ხოლო ევროკავშირმა  სასურსათო დანიშნულების ლოკოკინას ექსპორტი დაუშვა; ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა, საკუთარ საზღვარზე, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების სიხშირე 100%-დან 20%-მდე შეამცირა.


უფლებამოსილების ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წელს, 25 621 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; გამოვლინდა 2414 სამართალდარღვევა; მონიტორინგის ფარგლებში, აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 3884 ნიმუში/სინჯი. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული შედეგები თაფლში ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (101 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 3 ნიმუშში), სუნელ-სანელებლებში ტყვიის შემცველობის (761 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა არ გამოვლენილა არც ერთში) და არაცხოველურ სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობის (არც ერთ ნიმუშში სუდანის შემცველობა არ გამოვლენილა) მხრივ.


2021 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 6 442 941 ვეტერინარული მანიპულაცია, მათ შორის, ვაქცინაცია და ლაბორატორიული კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, პირუტყვის სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება.


ვეტერინარული კონტროლის ფარგლებში, 2021 წელს პირველად შემოწმდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ვეტერინარული ობიექტების 100% - სახელმწიფო კონტროლი 1042 ობიექტში განხორციელდა, გამოვლინდა 144 სამართალდარღვევა. ლაბორატორიულად გამოკვლეული 196 ვეტერინარული პრეპარატიდან დარღვევა არც ერთში გამოვლენილა.


მცენარეთა დაცვის მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 120 000 ჰა ფართობი, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ, კახეთის რეგიონში - 1300 ჰა ფართობი, სიმინდის ხვატარის საწინააღმდეგოდ, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში - 24 500 ჰა ფართობი, კოღოების საწინააღმდეგოდ, კახეთის რეგიონში დამუშავებულია  6 840 ჰა ფართობი.


სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა 33 მუნიციპალიტეტში - დამონტაჟდა 6000 ფერომონიანი დამჭერი და 43 260 ერთეული ფერომონი, დამუშავდა 186 000 ჰა-მდე ფართობი. 2021 წელს გატარებული ღონისძიებების შედეგად, გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი, აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა.


პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2021 წელს აღებულია 382 ნიმუში, მათ შორის, 332 პესტიციდი და 50 აგროქიმიკატი. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 700-მდე აღიარებული სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, სულ გამოვლინდა 157 სამართალდარღვევა, მათ შორის, მარკირების წესის, რეალიზაციის წესის, შენახვის პირობების დარღვევა, ვადაგასული პესტიციდის რეალიზაცია და სხვა.