გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გენადი არველაძე: ხარისხის ინფრასტრუქტურა პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით

7-04-2022

„ხარისხის ინფრასტრუქტურა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ კუთხით გამოვყოფდი აკრედიტაციის როლს და იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ვახორციელებთ - როგორც აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერების კუთხით, ასევე ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ნაწილში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კონფერენციაზე „საქართველოს აკრედიტაციის სისტემის გაძლიერება ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებთან მიმართებაში" სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twining - ის პროექტის ფარგლებში მოეწყო.


პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქართველოს აკრედიტაციის შეფასების სისტემა ევროპული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. მისი ბიუჯეტია 1,4 მლნ ევრო.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, საქართველოს პარლამენტის სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, აგრეთვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა და იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ, აგრეთვე აღნიშნული დარგის როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა სპეციალისტებმა.


„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერების მიმართულებით.


მიმდინარე პროექტი მოიცავს როგორც საკანონმდებლო კუთხით დაახლოებას, ასევე აკრედიტაციის სფეროს წესების და პროცედურების დახვეწას და შესაბამისობაში მოყვანას. მნიშვნელოვანია აკრედიტაციის პროცედურების დიჯიტალიზაციის, ანუ გაციფრულების მიმართულება", - აღნიშნა გენადი არველაძემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ინსპექტირების და მასერტიფიცირებელი ორგანოების როლი, რომელთა აკრედიტირებას ახდენს აკრედიტაციის ცენტრი - მათ მიერ უკვე სერტიფიცირებული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე ხვდება, ქართულ პროდუქტს კი უფრო მეტად კონკურენტუნარიანს ხდის.


კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს, რომ აკრედიტებული სერვისების საერთაშორისო აღიარება ფუნდამენტური ნაბიჯია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოსთვის და თავად ქვეყნისთვის - ევროპული და საერთაშორისო ქსელები აკრედიტებული ორგანოებისა და ლაბორატორიების მიერ გაცემული სერტიფიკატებისა და ტესტების ბაზარზე მიღების გარანტიას იძლევა. აქედან გამომდინარე, ისინი უზრუნველყოფენ ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობისა და მათი ექსპორტის შესაძლებლობის მხარდაჭერას, ასევე პროდუქტისა და მომსახურების ხარისხსა და უსაფრთხოებას.