გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა

21-05-2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, 19 მაისს ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საგარეჯოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“, რომელიც დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარე, ჩიჩხატურის კოშკთან ყოველწლიურად იმართებოდა და საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა. 1988 წლის შემდეგ, კი ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს აღინიშნა. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით, 21 წლის შემდეგ აღნიშნული სანახაობრივი დღესასწაულის აღდგენა გადაწყდა, სწორედ იმავე ადგილზე და იმ ფორმატით, როგორც ის პირველად, 1976 წლის 16 მაისს გაიმართა. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, 19 მაისს ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა. სახალხო დღესასწაულს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნიის, კულტურის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. 

დღესასწაულზე შეკრებილებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ოთარ ჩალათაშვილმა და საგარეჯოს ა(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორმა ბესიკ ღვინაშვილმა მიმართეს, რომლებმაც საზოგადოებას „გარეჯობა“ მიულოცეს და ამ დღესასწაულის ეროვნულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

„გაიმართა ტრადიციული დოღი, რომელშიც სოფელ უდაბნოს მცხოვრებმა ლუკა მარგიანმა გაიმარჯვა. ასევე საგარეჯოელი მხატვრის თამარ იორამაშვილის ნახატების, ხეზე კვეთის ოსტატის ცაცა ზულიაშვილის ნამუშევრებისა და ახალგაზრდა პედაგოგის, თეა ბუზარიაშვილის ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა. პარალელურ გაიმართა შეჯიბრი ქართული ჭიდაობაში და ასევე კონცერტი. ტრადიციისამებრ, ჭიდაობაში გამარჯვებულისთვის ჯილდოდ დაწესებული იყო ჭედილა, რომელიც წილად ხვდა ლაშა მათიაშვილს. კონცერტი, რომელსაც საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობი პაატა ქვლივიძე უძღვებოდა, გაიხსნა ამავე თეატრის მიერ მომზადებული, ისტორიულ თემატიკაზე აგებული სპექტაკლით -„გარეჯულა“. პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ნომრები წარადგინეს საგარეჯოში მოქმედმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, რომლებთან ერთად სცენაზე გაჟღერდა მუსიკალური ჯგუფის ,,ძმების“ და ანსამბლ „ალილოს“ მიერ შესრულებული სიმღერები. კონცერტზე გაიმართა მარინა შანიძის სიმღერის პრემიერა, რომელიც მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა შეასრულა. ასევე გაიმართა უკრაინული მუსიკალური ჯგუფის musik-bomb-ის წევრის, ივანა კოტიაშ-ელერდაშვილის გამოსვლა. 

დამსწრე საზოგადოებას სცენიდან მიესალმნენ დანიელი სტუმარი და მისი ქართველი მასპინძლები, რომლებიც სოფელ უდაბნოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალგაზრდული ფესტივალის გამართვას გეგმავენ. როგორც წინასწარ იყო ცნობილი, აღდგა კიდევ ერთი ტრადიცია - ღონისძების დასასრულს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა „საპატიო გარეჯელის“ წოდება მიანიჭა და მედლები გადასცა საგარეჯოში მცხოვრებ, სხვადასხვა დარგში დამსახურების მქონე და ღვაწლმოსილ ადამიანებს - გივი ონაშვილს, ლევან თედიაშვილს, რომან ზუკაკიშვილს, ზაირა ივანიაშვილს, ნელი გულიკაშვილს, თამარ გოცირიძეს, ლენა ანუაშვილს, ილია ქვლივიძეს, ალექსანდრე ელერდაშვილს (გარდაცვალების შემდეგ)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, „გარეჯობა“ წარმოადგენს დიდი მნიშვნელობის მქონე ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც შემდგომშიც ყოველწლიურად გაიმართება. მან დღესასწაულზე მისულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

"ინტერპრესნიუსი"