20-04-2022
ქალაქ დუშეთის კულტურის ცენტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიხსნა „დედა ენის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა „ხელნაწერი წიგნის სათავეებთან".
გამოფენის წარდგენის მიზანი იყო ნათლად წამოეჩინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები, როგორც ქართული სამწიგნობრო კულტურის, წიგნის ისტორიის სათავე: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების რამდენიმე ასლს.
გარდა ამისა გაიმართა სალექციო შეხვედრა თემაზე „ქართული ხელნაწერი". ლექციას უძღვებოდა ნესტან ბაგაური - ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში ვიდეოჩვენება გაიმართა. მნახველი ცენტრის კოლექციების მრვალფეროვნებასა და ხელნაწერი მემკვიდრეობის მნიშვნელობას გაეცნო.
საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ.