27-04-2022
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ „Facebook"-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე ოდენობით შეღავათიანი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათავსეს.
დანაშაულში ჩართული პირების მითითებით, შეღავათიანი სესხის მიღებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეების თანხები, სასესხო განაცხადის რეგისტრაციის, კრედიტის სადაზღვევო და სხვა გამოგონილი მიზნებისთვის, მოტყუებით ირიცხებოდა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, სიფრთხილით მოეკიდონ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით და მსგავსი საეჭვო შეთავაზებების შემთხვევაში მომართონ საქართველოს პროკურატურას" - აცხადებენ უწყებაში.