გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას შეხვდა

27-04-2022

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე და ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. აღინიშნა ნატო-ს მნიშვნელოვანი როლი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება დაეთმო მადრიდის მომავალ სამიტს.


შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.


ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.


შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღინიშნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ნატო-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების დივიზიიდან სტეფენ ელგერშმა, საქართველოში ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.