გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თსუ - ში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ ტარდება

5-05-2022

უახლესი სამედიცინო კვლევები, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო პარტნიორებთან და ერთობლივ კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობა განიხილება ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინის პირველ  საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობენ მედიცინის  წამყვანი სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებიდან.  
 

საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, თსუ  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია, თსუ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საბჭოს საერთაშორისო წევრები ესწრებოდნენ.
 

როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ აღნიშნა, კონფერენცია ტრადიციული გახდება უნივერსიტეტისთვის და 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. მან ხაზი გაუსვა კონფერენციის ორგანიზებაში  ფაკულტეტის მრჩეველთა საბჭოს საერთაშორისო წევრების ჩართულობას. 2021 წელს თსუ მედიცინის ფაკულტეტთან შექმნილ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოში  გაწევრიანებულია 15 ცნობილი მეცნიერი 10-ზე მეტი ქვეყნიდან და მისი მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების შექმნა.
 

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირმა გრძელიძის თქმით, მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საბჭო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უნიკალური პრეცედენტია და სამედიცინო განათლებაში კვლევებისა და განათლების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საუკეთესო შესაძლებლობაა. ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ამაღლების, საექსპერტო საქმიანობის, დარგობრივი ლექციების და სამეცნიერო ფორუმების ორგანიზების, გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების საშუალება. „საბჭოს შეხვედრები ერთი წლის წინ ონლაინ ფორმატში დაიწყო, ამჯერად კი პირველად გაიმართება წევრთა პირისპირ შეხვედრა, რომელზეც  მედიცინის ფაკულტეტის მომავალი განვითარება განიხილება, ასევე განისაზღვრება საბჭოს წევრთა დარგობრივი ჩართულობა. დღევანდელ კონფერენციაზე  სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ და მოუსმინონ - წარმატებულ, მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებს,“- აღნიშნა ირმა გრძელიძემ.
 

სამომავლო თანამშრომლობის, ახალი ინიციატივებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ისაუბრეს უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმაც. „გოტინგენის უნივერსიტეტს სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება, გვჯერა რომ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები სასიკეთო იქნება მომავალი თაობებისთვის,“- განაცხადა გოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის დეპარტამენტის დირექტორმა ოტო რეინჰოფმა.
 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სამედიცინო პრაქტიკების გაფართოების და გამრავალფეროვნების შესახებ ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი კლინიკის „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“  აღმასრულებელმა დირექტორმა ერჯან აიილდიზმა. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიზრუნოთ სტუდენტების პროფესიონალიზმის ზრდაზე. ვიაზრებთ იმ ფაქტს, რომ პროფესიონალი მედიკოსისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკა. ვფიქრობ, თსუ-სა და ამერიკული ჰოსპიტლის კოლაბორაცია სხვა უნივერსიტეტებისა და კლინიკებისთვის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და გამოცდილება იქნება,“- აღნიშნა ერჯან აიილდიზმა.
 

ღონისძიებაზე საბაზისო,  კლინიკური კვლევებისა და თანამედროვე სამედიცინო კვლევების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტების პროფესორმა ზაალ კოკაიამ და იმედი გამოთქვა, რომ ქართველ  მკვლევრებს და კლინიცისტებს  მომავალშიც ექნებათ უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
 

„მოხარული ვარ, რომ თბილისში ტარდება ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენცია. თვით ის სახელები, რომლებიც ამ პროგრამაში შემხვდა არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი იმით, რომ ყველა მათგანის უკან არის ძალიან დიდი გამოცდილება, პროფესიონალიზმი. ისინი ჩვენთან ერთად ცდილობენ ჩვენი მედიცინის, ჩვენი სამეცნიერო ბაზისის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მისასალმებელია“,- აღნიშნა კონფერენციის მომხსენებელმა კლინიკა „გულის“ ელექტროფიზიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არითმოლოგმა ხათუნა ჯალაბაძემ.
 

საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“  7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მოხსენებებთან ერთად, კონფერენციაზე  მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები  საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.