26-05-2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, 26 მაისს სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება.
რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი არსებობის პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრებს. იგი ასევე ყურადღებას გაამახვილებს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე.
მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგებიან: სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი, კახა სამხარაძე; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე; ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი კოპაძე; ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე.
მისასალმებელი სიტყვების დასრულებისას გაიმართება ფლეშმობი, გაიშლება საქართველოს დროშა, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საზეიმოდ აინთება 100 წლის საიუბილეო ინსტალაცია.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები. მათ შორის, ჩატარდება ველოტური, საბავშვო წარმოდგენები, შეჯიბრები, გამოფენები, რეგიონისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები. დაჯილდოვდებიან შეჯიბრში გამარჯვებულები და მერის სტიპენდიანტები. ტერიტორიაზე გაიმართება ძველი ბაზარი, სადაც ადგილობრივები გაყიდიან სხვადასხვა ნაწარმს. აღმართული იქნება ისტორიული დოკუმენტების ამსახველი შემეცნებითი-საინფორმაციო გამოფენა-სტენდი. ბავშვებისთვის გაიმართება ანიმაციური ფილმების ჩვენება და თოჯინების თეატრი.
შეიქმნება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების იმიტაცია, სადაც ბავშვებს ადგილზე აღებული პასპორტებით შეეძლებათ მოგზაურობა. ამავე ტერიტორიაზე, ანიმატორები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით გაართობენ ბავშვებს.
"interpresniusi"