20-05-2022
კომუნიკაციების კომისიამ, რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის მართვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ლატვიის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (ECO) ექსპერტებს უმასპინძლა. ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროექტის ფარგლებში გაიმართა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრების მიზანი გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ოყო. შეხვედრის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ლატვიელ კოლეგებს საქართველოში ფიქსირებულ და მობილური რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და მოქმედი პროცედურები გააცნეს. მხარეებმა ასევე არსებული გამოწვევები განიხილეს, რის შემდეგაც ლატვიელმა ექსპერტებმა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
სამუშაო შეხვედრებზე ასევე სიხშირული სპექტრის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამართლებრივი ჩარჩოს, სტრატეგიული განვითარების გეგმები განიხილეს. ექსპერტებმა სიხშირული მონიტორინგისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით პროექტები და გეგმები წარმოადგინეს. პრაქტიკული საქმიანობის დემონსტრირების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ლატვიელ ექსპერტებს შავნაბადას რადიომონიტორინგის სადგური დაათვალიერებინეს.