გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, რაც საფინანსო ინსტიტუტების მიერ იყო პროგნოზირებული

27-05-2022

„2022 წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, რაც საფინანსო ინსტიტუტების მიერ იყო პროგნოზირებული"- განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, მთავრობის ხედვები და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.


„ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მიღწეული იქნას. რა გეგმა და ხედვა გააჩნია საქართველოს მთავრობას ამ პირობებში - საქართველოს მთავრობამ არაერთხელ აჩვენა, რომ შოკებთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება გვაქვს, ჩვენ ძალიან რთული პანდემიის პერიოდი გავიარეთ, თუმცა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვქონდა რეგიონში, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზარდა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ამასთან, პოზიტიური დინამიკა გვაქვს წლის დასაწყისიდან - პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 14.4%-ია", - აღნიშნა მინისტრმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ ომის დასაწყისიდანვე შეაფასა, თუ რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს ეკონომიკაზე მიმდინარე ომს.


„რამდენიმე დაშვება გვქონდა, რომლებიც ეხებოდა ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას და სურსათის და ნავთობის ფასების ზრდას. ჩვენ გვესმის, რომ ორი ქვეყანა, უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები არიან და სავალუტო შემოდინებები აღნიშნული ქვეყნებიდან (ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლების, ფულადი გზავნილების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩათვლით) ჩვენს ეკონომიკაში თითქმის 10%-მდე იყო წინა წელს. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა შოკების დაშვებით, გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ვთვლიდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო 3 პროცენტული პუნქტით შემცირებული ეკონომიკური ზრდა, ანუ ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ყოფილიყო 3 ან 3.5%. ეს იყო ასევე ის მონაცემები, რომელსაც იზიარებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სრულად ეთანხმებოდნენ ჩვენს შეფასებებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არ იყო მთავრობისთვის დამაკმაყოფილებელი სცენარი, ამიტომ ეკონომიკური გუნდი, მთლიანად მთავრობა მობილიზებული იყო პოტენციური დანაკარგის კომპენსირებისკენ და ეკონომიკის მხარდამჭერი მიზნობრივი პოლიტიკის განხირციელებისკენ. შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, შესაძლებელი იქნა იმ დადებითი ტენდენციების შენარჩუნება, რომელიც წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეკონომიკაში და საქართველო შეძლებს ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას საბაზო პროგნოზის შესაბამისად (6% ეკონომიკური ზრდა 2022 წელს).